საქართველოს პრეზიდენტმა ცილისწამების შესახებ მისაღები კანონის შესახებ ისაუბრა 

420

დღეს პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ცილისწამების შესახებ მისაღები კანონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ:,,რაც გავიარეთ და არამხოლოდ ჩვენ, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, პრაქტიკულად, ძალიან ცოტა არის ქვეყანა, რომელიც არ განიცდის იგივე სიტუაციას და ცილისწამების გამძაფრებას, რადგან ეს ყველაფერი ადვილია. თუნდაც სოციალური ქსელები, ყველაფერი ეს ქმნის ისეთ ფონს, სადაც პასუხისმგებლობის განცდა ნაკლებია. მხოლოდ მედიაზე როცა იყო საუბარი, მედიას აქვს თავისი წესები, ქცევის წესი და ამდენად, უფრო დაცულია მოქალაქე. როცა საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ არის ანონიმური, ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული და ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს, მიმაჩნია, საჭიროა, ამ კუთხით ვიფიქროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთში მსგავსი ტიპის კანონმდებლობა ახლახან მიიღეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველომ იგივე უნდა გადმოიღოს.

„ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, მე არ ვამბობ, რომ ვიცი რა კანონი უნდა მივიღოთ ან მაინცდამაინც უნდა გადმოვიტანოთ. ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ, საფრანგეთი ვახსენე მხოლოდ იმიტომ, რომ ახლახან მიიღეს ამ ტიპის კანონმდებლობა, მაგრამ კარგად მესმის, ჩვენ არ ვართ იმ დონის. ჩვენი ვალდებულება არ არის, გადმოვიტანოთ და კოპირება გავუკეთოთ რომელიმე კანონს. უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა ჩვენი შესატყვისი რომელიმე ახალი კანონმდებლობა, რომელიც ორივეს შეათავსებს, ანუ მეტი დაცულობა ადამიანის ღირსების და ასევე, არ შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების, რომელიც ძალიან ღირებულია და უნდა დავიცვათ ყველამ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ცილისწამების შესახებ კანონის საკითხზე არასამთავრობო სექტორთან ფართო კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

„ერთად ვიფიქროთ. ამ საკითხში აუცილებელია, არასამთავრობოებთან იყოს ძალიან გაშლილი, საჯარო კონსულტაცია და ვნახოთ, რას მივაღწევთ. მზა პასუხი ამაზე არ არსებობს. ჩვენგან, ჩემგან პირადად არის მზადყოფნა, ამაზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.