საქართველოს საელჩოს განცხადებით სლოვაკეთში ტურისტული გამოფენის ორგანიზატორების გადაწყვეტილება იყო საქართველოს ნაცვლად აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიწვევა

303

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ტურისტულ გამოფენა ITF Slovakiatour 2019-ში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სლოვაკეთის მთავრობას კავშირი არ აქვს აღნიშნულ გამოფენასთან. საელჩოში აცხადებენ, რომ ამის შესახებ მათ სლოვაკეთის ოფიციალურ უწყებებში განუცხადეს.

„2019 წლის 24-27 იანვარს ბრატისლავაში მდებარე საგამოფენო ცენტრ INCHEBA-ში მიმდინარე ტურისტულ გამოფენა ITF Slovakiatour 2019-სთან დაკავშირებით საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროსთან, სლოვაკეთის ტრანსპორტისა და მშენებლობის სამინისტროსთან, აგრეთვე უშუალოდ საგამოფენო ცენტრთან.

სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ნოტით, სლოვაკური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერას.

სლოვაკეთის მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სლოვაკეთის მთავრობას არანაირი კავშირი არ აქვს ხსენებული გამოფენის ორგანიზებასთან. სლოვაკური მხარის თქმით, აღნიშნული გამოფენა არის კერძო კომპანიის მიერ ორგანიზებული კომერციული პროექტი, რომლის მფლობელიც არის ეროვნებით რუსი. სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სლოვაკეთის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი ან ოფიციალური პირი არ ეწვევა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენელთა სტენდს“, – აცხადებენ სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა სადაც ასახულია რომ ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები სლოვაკეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ.