სახელმწიფოს ნება უნდა ვაჩვენოთ,რომ ჩვენ უკანონო მიგრაციას არ ვახალისებთ- თამარ ხულორდავას განმარტება

445

არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, წინასწარი შეცნობით და ფინანსური სარგებლის მიზნით, უკანონო მიგრაციის პროცესის ორგანიზება დასჯადი ხდება, რისთვისაც ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისა და კანონპროექტის მომხსენებლის, თამარ ხულორდავას განმარტებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა, რამაც მისივე თქმით, შესაძლოა, საქართველოს უდიდეს მონაპოვარს, ვიზალიბერალიაციას საფრთხე შეუქმნას.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გარკვეული კითხვები გაჩნდა, რადგან  საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრაციის ტალღა გაიზარდა. ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მიმართ დიდი კეთილგანწყობით არიან და მხარს გვიჭერენ, რომ უვიზო მიმოსვლას რამე საფრთხე არ დაემუქროს და შეჩერების მექანიზმის გამოყენების საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს. თუმცა ასევე გვთხოვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ და სახელმწიფოს ნება ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უკანონო მიგრაციას არ ვახალისებთ. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით განვიხილეთ ითვალისწინებს, რომ პირები, ვინც წინასწარი შეცნობით და ფინანსური ინტერესის მიზნით ხელს უწყობენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩნენ, ეს ადამიანები გარკვეული სანქციების ქვეშ ექცევიან. პირველი ნაწილი ნაკლებად მძიმე დანაშაულია. შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსის სტრუქტურის მიხედვით დამამძიმებელი გარემოებებია გათვალისწინებული“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა იზრდება და მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადადის. პირველ შემთხვევაში 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. შემდეგ კი 3-დან 6 წლამდე. არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.