სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს ფოსტის“ დირექტორის მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევაზე დასკვნას აქვეყნებს

77

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს ფოსტის“ დირექტორის მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევაზე მიუთითებს. ამის შესახებ „საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია საუბარი.

უწყება განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, წარმომადგენელს არ შეუძლია, წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება. „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ შეთანხმებები გააფორმა. როგორც ფოსტის, ისე ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე იყო. საუბარია ფოსტასა და ლატარიის კომპანიას შორის ქონებასთან და დავალიანებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

„ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებულ ორ შემთხვევაში − ქონების გადაცემა დროებით სარგებლობაში და ქონების გადაცემა დავალიანების სანაცვლოდ, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნა საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობის შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულებებს, როგორც ფოსტის, ისე ლატარიის კომპანიის მხრიდან, ხელს აწერს ერთი და იმავე პირი, რომელიც ერთდროულად არის ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი. მსგავსი გარიგების დადებისას შესაძლოა, არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. პირისთვის, რომელიც ორი სხვადასხვა მხარისთვის დებს ერთ გარიგებას, რთული გადასაწყვეტია, რომელ წარმოდგენილ მხარეს შეუქმნას საუკეთესო პირობები. ერთისთვის უპირატესობის მინიჭება ავტომატურად მოქმედებს მეორე მხარის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში, ლატარიის კომპანიისთვის დავალიანების სანაცვლოდ ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხში, ერთ მხარეს წარმოადგენს 100 პროცენტით სახელმწიფო, ხოლო მეორე მხარეს 70 პროცენტით –  სახელმწიფო და 30 პროცენტით კერძო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც საკუთარი ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ერთ შემთხვევაში, საუბარია 2018 წელს დავალიანების სანაცვლოდ ლატარიის კომპანიისთვის ქონების გადაცემაზე.

„2018 წლის დასაწყისში გაფორმებული მორიგების აქტის საფუძველზე, გადასახდელი 661 728 ლარის სანაცვლოდ, შპს „საქართველოს ფოსტამ“ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, საერთო ფართით 1,858.85 კვ.მ. სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და გაუგებარია ეთანხმება თუ არა სააგენტო ვალის სანაცვლოდ ქონების გასხვისებას.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვერ დარწმუნდა, რამდენად დაცულია მარეგულირებელი ნორმის მოთხოვნა და შეთანხმებულია თუ არა საკითხი სააგენტოსთან, ასევე რამდენად მართლზომიერია ფოსტის ქმედებები სახელმწიფო ქონების ასეთი ფორმით გასხვისებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.