სტოკჰოლმში მარიამ ორჯონიკიძემ ღონისძიებაზე წარადგინა ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი ფოტო-წიგნი ”sHEROes”

44

7 მარტს სტოკჰოლმში, ორგანიზაციაში „Kulturfyren“ გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების შეხვედრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულმა შვედეთში, სტოკჰოლმის თავდაცვის აკადემიის მაგისტრანტმა, მარიამ ორჯონიკიძემ ღონისძიებაზე წარადგინა ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი ფოტო-წიგნი ”sHEROes”. ორენოვანი ქართულ-ინგლისური წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ 2018 წელს გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს, როგორც სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში შედგა. წიგნი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება, წიგნის მთავარი გმირები ომგამოვლილი ქალები არიან. პრეზენტაციის ფარგლებში ნაჩვენები იქნა ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმი წიგნის გმირების შესახებ. მარიამ ორჯონიკიძემ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომის სავალალო შედეგებზე და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამავე ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოების წევრმა სუზან მენცელ პერსონმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თუშეთში ცხენებით მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებები, წარმოადგინა საქართველოს ბუნების ამსახველი ფოტოები და ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებზე ისაუბრა. ღონისძიების მეორე ნაწილში მონაწილეობა მიიღო შვედმა მკვლევარმა, სოდერთორნის უნივერსიტეტის პროფესორმა ლარს ვიგერლანდმა, რომელმაც შეკრებილ სტუმრებს საქართველოში ქვევრის ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციები და ამ მიმართულებით მის მიერ დაწყებული კვლევის In Vino Veritas შედეგები გაუზიარა.
გამოფენამ შვედი სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს გაიმართა მიღება, სადაც საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.
ღონისძიებას საელჩოს მხრიდან დაესწრნენ უფროსი მრჩეველი გიორგი მესხელი, თავდაცვის ატაშე მალხაზ ჯამურელი და საელჩოს რეფერენტი ანუკი სტურუა. საელჩო კიდევ ერთხელ, მადლობას უხდის საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების ხელმძღვანელს, სვენ ჰოლმსტრომს ესოდენ საინტერესო კიდევ ერთი საღამოს ორგანიზებისთვის და მომავალშიც გამოთქვამს მზადყოფნას თანამშრომლობისთვის.