უკრაინაში არეულობის მოწყობის ბრალდებით ქართული წარმოშობის კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი დააპატიმრეს

208

უკრაინაში რუსეთიდან ჩასული ქუთაისელი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი ვლადიმერ ძოწენიძე დააკავეს. ინორმაციას კიევის ნაციონალური პოლიციის შტაბის ხელმძღვანელი ანდრეი კრიშჩენკო ავრცელებს. როგორც ანდრეი კრიშჩენკო აცხადებს “ავტორიტეტი” უკრაინაში რუსეთიდან, ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, ყალბი დოკუმენტაციით ჩავიდა და მიზნად ისახავდა რეგიონში დესტაბილიზაციის მოწყობას.

“40 წლის ვლადიმერ ძოწენიძეს კრიმინალურ წრეებში “ვალერი ქუთაისკის” სახელით იცნობენ, ის გეგმავდა შეხვედრებს ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით, რაც სამართალდამცავების ინფორმაციით, ქმნიდა დესტაბილიზაციის საფრთხეს. ქართველი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი ქვეყნიდან გააძევეს და მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლის ვადით აეკრძალა“, – აცხადებს კრიშჩენკო.

ცნობისთვის, ძოწენიძე საქართველოში 2006 წლიდან იხდიდა სასჯელს, თუმცა 2013 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა რამდენიმე კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტთან ერთად ამინისტიის საფუძველზე გათავისუფლდა და რუსეთში გაემგზავრა.