ფერეიდნელი ქართველები ფეხბურთის მატჩებზე საქართველოს დროშებით დადიან.

1041

ართველმა მცველმა აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა

თბილისის “დინამოს” ყოფილი მცველი გიორგი გველესიანი წელს ირანში გადავიდა და ამ ქვეყანაში კარიერას წარმატებით აგრძელებს.

ის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, “ზობ აჰანის” წევრია და წელს აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს, და არა მხოლოდ თამაშობს – გუშინ მან ამ ტურნირში, 90-ე წუთზე, გამარჯვების გოლი გაიტანა “ესტეღლალთან” (ესეც ირანის გუნდია) პირველ მერვედფინალურ მატჩში, რომელიც 1:0 დასრულდა.

…25 წლის გველესიანი ირანულ ფეხბურთსა და სხვა საინტერესო თემებზე გველაპარაკა.

– მცირე დრო არ არის, რაც ირანში ხართ. თუმცა უცხო ქვეყანასთან შეგუება მაინც რთულია. გაუშინაურდით ირანს და გუნდს?

– უკვე 10 თვეა აქ ვარ და შეგუების პროცესი იოლი ნამდვილად არ იყო, როგორც წმინდა საფეხბურთო კუთხით, ისე სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტში.

– რა დონისაა ირანის ჩემპიონატი?

– აქაური ჩემპიონატის იდენტიფიცირება რომელიმე ევროპულ ლიგასთან რთულია. ვერც იმას ვიტყვი, რომ ევროპის ტოპჩემპიონატებთან დონით ახლოსაა, მაგრამ აზიის მასშტაბით ნამდვილად გამორჩეული ლიგაა. ინფრასტრუქტურით აბსოლუტურად გამართულია, ყველა გუნდს საკუთარი საწვრთნელი ბაზა და სათამაშო არენა აქვს, ბუნებრივი საფარი კი უმრავლეს სტადიონებზე საშუალოზე მაღალი დონისაა.

– როგორც ვიცით, ფინანსურად საკმაოდ ძლიერი კლუბები ჰყავთ…

– ფინანსურადაც კლუბების უმეტესობა წელში გამართულია და კარგი ლეგიონერების ჩამოყვანასაც თავისუფლად ახერხებენ. ხალხისთვის ერთ-ერთი მთავარი გასართობი ფეხბურთია. გვქონდა თამაშები, სადაც სტადიონზე 50-60 ათასი მაყურებელი იკრიბებოდა. ასეთი ფაქტორები ფეხბურთში ჩემპიონატის დონეზე აუცილებლად დადებითად მოქმედებს.

– რეალურად, ირანის ჩემპიონატი თქვენს ამბიციას თუ აკმაყოფილებს?

– ამბიცია და უმაღლესი მიზნები ყველა ფეხბურთელს აქვს, მაგრამ ხანდახან ფეხბურთელის კარიერაში დგება მომენტი, როცა ყველაფერი უნდა გადააფასო. გამართლებული იყო თუ არა ირანში ჩამოსვლა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

მაგრამ არაფერს ვნანობ. პირიქით, ჩატარებული სეზონით კმაყოფილი ვარ, ჩემპიონატში მეორე ადგილი დავიკავეთ და ვიცე-ჩემპიონები გავხდით, გავედით აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში…

– სასიამოვნოა, რომ პირველი მერვედფინალური მატჩი ირანულ “ესტეღლალთან” დამატებულ წუთებზე 1:0 მოიგეთ…

– მართალია, საშინაო შეხვედრაში გავიმარჯვეთ, მაგრამ ურთულესი მატჩი იყო და კარგია, საპასუხო მატჩის წინ ჰანდიკაპი რომ გვაქვს. 16 მაისს ორმაგად რთული თამაში გვექნება.

 

– მთავარია, რომ ეს გოლი პენალტით თქვენ გაიტანეთ. ასეთ დროს დარტყმა რთულია…

– ბოლო წუთებზე პეტი გამოვიმუშავე და დარტყმა თავადვე ამიტომ გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღებას გარკვეული ნერვიული ფონი და სტრესი ახლავს. მაგრამ  ფეხბურთი ხომ ამიტომაა საინტერესო.ნალ

– რა დონისაა აზიის ჩემპიონთა ლიგა?

– მაღალი დონის თამაშებია მაღალი დონის გუნდებთან და კარგი გამოცდილებაც მივიღე. სხვათა შორის, ჩვენს ჯგუფში ტაშკენტის “ლოკომოტივი” მოხვდა, სადაც კახა მახარაძე თამაშობს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

– ირანის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი კ

არიერულ ტრამპლინად რამდენად გამოდგება?

– ფეხბურთელის კარიერა რთულად პროგნოზირებადია. თუმცა კარგი სეზონი ჩავატარე და უკეთესი მომავლის იმედი მაქვს.

– ანუ ჯერ გუნდის შეცვლას არ აპირებთ?

– “ზობ აჰანთან” ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი მაკავშირებს. მაგრამ კარგი შემოთავაზების შემთხვევაში გამორიცხული არაფერია.

– ზოგადად ირანზე, იქაურ ცხოვრებაზე რას იტყვით?

– აქ ცხოვრება ბევრად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ. არის უამრავი აკრძალვა და ვალდებული ხარ, დაემორჩილო. ზოგადად, ცხოვრების წესი, მენტალიტეტი და საქმისადმი მიდგომაც ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავდება.

– ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობა თუ გქონიათ?

– დიახ, მქონია და ჩამოსვლის დღიდან, მათგან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ისინი ჩემს თამაშებზე საქართველოს დროშებით დადიან. ბევრი ზეწოლის მიუხედავად, ქართული ენის შენარჩუნებას აქამდე ახერხებენ.

ოჯახებშიც ხშირად მეპატიჟებიან. ვერ გეტყვით, რომ ხაჭაპურებსაც აცხობენ, მაგრამ მათში ქართული ხასიათი და სტუმარმასპინძლობის ტრადიცია იგრძნობა.

წყარო: გაზეთი “ლელო”