ქართველი ემიგრანტები საჯარო სამსახურების ვაკანსიების კონკურსში ჩართვას “სკაიპით” შეძლებენ

2276

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოში არსებულ საჯარო სამსახურების ვაკანსიებზე წვდომა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც შეეძლებათ.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დისპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით ემიგრანტები, გამოცხადებული ვაკანსიების კონკურსში ჩართვას, ონლაინ რეჟიმში, „სკაიპის“ საშუალებით შეძლებენ.

“ჩვენი მიზანია, რომ საჯარო სამსახურის ვაკანსიები უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, რათა მათ საზღვარგარეთ დარჩენა და იქ სამუშაოს ძიება არ მოუწიოთ, არამედ მათ შეეძლოთ ონლაინ რეჟიმში და “სკაიპით” ჩართვა კონკურსში და დისტანციურად მონაწილეობს მიღება. გვინდა, რომ მათთვის ეს დამატებითი შესაძლებლობაც გავაჩინოთ იგივე საჯარო სამსახურში დასაქმების კუთხით და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ კერძო სექტორიც ჩაერთოს ამაში და ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი პირობების შექმნას”, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრი გამორიცხავს იმ აზრს, რომ ქვეყნიდან ხალხის გადინებას, საქართველოს შიგნით გატარებულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი.

“კატეგორიულად ვერ მივიღებ იმ შენიშვნვას, რომ თითქოს ხალხის გადინებამ, ქვეყნის შიგნით გატარებულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი. ქვეყანა ვითარდება, ქვეყანა ძლიერდება. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება, რა თქმა უნდა ამას ვერ მივაღწევთ ერთ წელიწადში, როგორც ჩვენ გვინდა და ყველას ერთად გვინდა, მაგრამ ახალი შესაძლებლობები სწორედ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებამ, სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენებამ გააჩინა. მაგალითად, ახალი პროდუქციაა დაშვებული ბაზარზე, თაფლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის, სოფლად მაცხოვრებელთათვის თევზჭერის მხრივ, ქართული თევზის მიმართულებითაც გაიხსნა ბაზარი და კიდევ სხვა პროდუქციაზე ვმუშაობთ, რომელიც რა თქმა უნდა, ქვეყანაში სამუშაო ადგილებს აჩენს. ასევე უპრეცედენტო პროექტები ვითარდება ევროპული დახმარებით საქართველოში, რათა აქ გაჩნდეს სამუშაო ადგილები და ჩვენ რა თქმა უნდა, ეს სიკეთეები არ უნდა დავკარგოთ”, – განაცხადა მინისტრმა წყარო ipress.ge