ქართველ ებრაელთა სათვისტომო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ანტისემიტურსა და დისკრიმინაციულს უწოდებს

121

ქართველ ებრაელთა სათვისტომო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოსულ პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

სათვისტომო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ანტისემიტურსა და დისკრიმინაციულს უწოდებს.

„ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ. სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მოშე გლუკჰაფტს, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია საქართველოში მცხოვრები ებრაელებისთვის.

ქართველ და ებრაელ ერს შორის არსებობს 26-საუკუნოვანი სამაგალითო და-ძმობა, რომელსაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ამას ვერაფერი დააზიანებს, მით უმეტეს ვიღაცის კერძო, არაკორექტული გამოხტომები.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ებრაელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილის მიმართ იმავე შინაარსის ანტისემიტური, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული.

სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ განცხადებაზე შესაბამის რეაქციას ველით პოლიტიკური ძალების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება დაგმობს და გაემიჯნება სააკაშვილის განცხადებებს და ყველას კიდევ ერთხელ დაანახებს ორ ერს შორის მეგობრობის ღირსეულ მაგალითს“, – აღნიშნულია ქართველ ებრაელთა სათვისტომოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ ისაუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.