ქართული დიასპორის მისაბაძი წინაპარი – დეკანოზი ილია მელია.

153

ეკლესიის ისტორიკოსი და თეოლოგი, დეკანოზი  ილია მელია 1915 წლის 20 თებერვალს  ქუთაისში დაიბადა. მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა და თავადაც იქ იზრდებოდა. დედამისი გახლდათ ნინო ქაჯაია. მამამისი ილია შეძლებული კაცი იყო. 1922 წელს იგი სავაჭრო ურთიერთობისთვის კონსტანტინოპოლს მიავლინეს. მან თან იახლა მეუღლე და სამი შვილი – ილია, ანტუანი და მერი, ხოლო ქალ-ვაჟი ნინო და ოთარი ბებიასთან დარჩნენ ბათუმში. მშობლებმა შვიდი წლის ილიკო უფროს და–ძმასთან ერთად სასწავლებლად წმინდა გიორგის იეზუიტ ბერთა პანსიონში მიაბარეს.  ქემალ ფაშას ოსმალეთში შეუძლებელი გახდა პანსიონის არსებობა და იმავე წლის დეკემბერში მთელი პანსიონი გადავიდა ბელგიის ქალაქ ნამიურში, სადაც მდებარეობდა პანსიონის დედა–სახლი. ილია მელიას ოჯახიც ბელგიაში გადასახლდა. ბავშვებმა ნამიურის წმინდა გიორგის სახელობის პანსიონში განაგრძეს ძველ ბერძნული და ლათინური ენების შესწავლა.

1926 წელს მშობლები სამშობლოში დაბრუნდნენ, ხოლო შვილები იქვე დატოვეს სწავლის გასაგრძელებლად. 1933 წელს ილია მელიამ პანსიონი დაამთავრა და იმავე წელს შევიდა ნამიურის ღვთისმშობლის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1935-39 წლებში იგი სწავლობდა სენ–სერჟის ორთოდოქსული  თეოლოგიის ინსტიტუტში. მისი დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ქალაქში მოღვაწეობდა.

1943 წლის 12 ივლისს ილია მელიამ ჯვარი დაიწერა ალა მელნიკოვაზე. ამავე წლის 8 აგვისტოს იგი დიაკვნად აკურთხეს, 19 აგვისტოს კი, ფერიცვალების დღეს, პარიზის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში მღვდლად იქნა ხელდასხმული. 1945 წლამდე  მამა ილია ქ. ბელფორის მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის სახელზე აგებულ ტაძარში მსახურებდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წმ. სერაფიმე საროველის ეკლესიის წინამძღვარი იყო ნორმანდიაში. 1946 წელს დაინიშნა ქ. კოლომბელის (კალვადოსი) წმ. სერჟის ეკლესიის მღვდლად. იგი წლების მანძილზე ემსახურებოდა მონბელიარის, სოშოს, ბეზანსონისა და ნანსის თემების ეკლესიებს, ვიდრე პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში არ დამკვიდრდა.

1949 წლის მარტიდან 1988 წლამდე, ორმოც წელზე მეტ ხანს ილია მელია იყო წმ. ნინოს სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი და ზნეობრივი ავტორიტეტი ლტოლვილი ქართველებისა არა მარტო საფრანგეთში, არამედ საერთოდ უცხოეთში. მის გარშემო ერთიანდებოდნენ ქართველები.

1950 წლის 5 აგვისტოს მამა ილია აყვანილ იქნა რექტორის ხარისხში, ხოლო 1963 წლის 13 იანვარს ებოძა დეკანოზობა. მისი ინიციატივით დაწესდა „ხუთშაბათობა“. ამ დღეს პარიზში მცხოვრებ ქართველთა შვილებს დეკანოზი ილია თავის ბინაში გაკვეთილებს უტარებდა. მოგვიანებით ეს დღე ქართველთა შეკრების დღედ გადაიქცა და შემდგომ უკვე ფართო ხასიათი მიიღო. „ხუთშაბათობა“ მორიგეობით ქართულ ოჯახებშიც ეწყობოდა – იმართებოდა საუბრები, საღამოები და მჭიდროვდებოდა უცხოეთში გაბნეულ ქართველთა კონტაქტები. „ხუთშაბათობის“ გარდა დიდი სადღესასწაულო შეხვედრებიც დააწესა მამა ილიამ. კერძოდ, 25 დეკემბერს საშობაო წირვის მერე შეიყრებოდნენ ქართველები და მართავდნენ „შობის ხეს“.

ილია მელიას 1946 წლიდან სიკვდილამდე პროფესორის თანამდებობა ეკავა პარიზის სენ–სერჟის მართლმადიდებლური თეოლოგიის ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს თეოლოგიასა და ძველი ეკლესიის ისტორიაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მართლმადიდებლობისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შესახებ. იგი იყო რეპრესირებულ მამულიშვილთა დამხმარე კომიტეტის „სოლიდარობა საქართველოს“ ერთ–ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი; აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან („თავისუფლების ტრიბუნა“, „გუშაგი“ და სხვა).

მამა ილია განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული წმიდა ღირსმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის მიმართ. 1985–1987 წლებში ჟურნალ „გუშაგში“ მან სამი მნიშვნელოვანი წერილი გამოაქვეყნა მამა გრიგოლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

1980 წლის 10 თებერვალს პარიზის წმ. ნინოს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ისა და დეკანოზ ილიას ერთობლივი წირვა აღევლინა.

1971 წლიდან გარდაცვალებამდე, როგორც საფრანგეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსოს მთავარი წარმომადგენელი ილია მელია მონაწილეობდა ეკლესიათა ოკუმენურ სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში ევროპასა და ამერიკაში. მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსთა თხოვნით, სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანთა დასაახლოებლად გამართულ ამა თუ იმ ღონისძიებაში, იგი რეგულარულად წარმოადგენდა ხოლმე მსოფლიო საპატრიარქოს. ამასთან დაკავშირებით მას შეხვედრა ჰქონდა მის უწმინდესობა რომის პაპთან, პავლე VI–თან. მამა ილიას მიერ სემინარებზე წარმოთქმული სიტყვები, რადიო–ტელე გამოსვლები თუ დებატები ცხადყოფდა მის დიდ მეცნიერულ პოტენციალს.

ილია მელია გარდაიცვალა 1988 წლის 15 მარტს ქ. ობერვილიეს (პარიზთან ახლოს) საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილში.

ღვაწლმოსილ მოძღვარს პარიზში დარჩა მეუღლე ალა და სამი შვილი: ილია, ნინო და ქეთევანი. მამა ილიას თბილისში მცხოვრებ და-ძმასთან, ოთარ და ნინო მელიებთან მუდმივი კავშირი ჰქონდა. მშობელი მიწის მონატრების სევდა მუდმივად თან სდევდა. პარიზში მასთან სტუმრად ჩასული დისთვის, ნინოსთვის გაუმხელია: „ჯერ დედა დამაკლდა და შემდეგ – დედასამშობლოო“.

წყარო: 

1. https://www.facebook.com/…ილიამელია

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_მელია

3. მამა ილია მელიას ბიოგრაფიული ცნობები, მოკლედ // გუშაგი. –  პარიზი. – 1988. – № 15. – გვ. 81-82.

4. მელია ილია // ქართველები უცხოეთში: წ. 1 / რუსუდნ დაუშვილი, გრიგოლ კალანდძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაგფარიძე, თემურ ტარტარაშვილი . – თბ., 2012 . – გვ. 137-138.

5.ნიკოლაძე, ფრანსუაზ. მამა ელი (ილია) – ღირსეული ქრისტინი // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში: 1939-1945 წლები / ფ. ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე. – თბ., 2009. – გვ. 71-75.