ქართული დიასპორის საინფორმაციო უზრუნველყოფა – გამოწვევები და შესაძლებლობები.

675

 

 

ავთანდილ გიუნაშვილი.

წარმოდგენილი ტექსტი მოხსენების სახით  წაკითხულ იქნა 2017 წლის 27 მაისს თბილისში დიასპორის დღისადმი მიღღვნილ ფორუმზე ,,ძლიერი დიასპორა -ერთიანი საქართველოსთვის“

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო.ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე თქვენს წინაშე და ვსაუბრობდე თითოეული ჩვენგანისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ქართულ დიასპორასა და მის წინაშე მდგარ

 გამოწვევებზე , მის დღევანდელობასა და მის მომავალ განვითარებაზე, ჩვენი სამშობლოსა და ცივილიზებული სამყაროში მის პოზიტიურ როლსა და შესაძლებლობებზე.
ცნობილი თეორეტიკოსის ემანუელ კასტელსის მსგავსად პირად  მეც ღრმად … მწამს რაციონალიზმისა და გონისადმი მიმართვის შესაძლებლობის. მწამს გააზრებული სოციალური ქმედებისა. მიუხედავად ადრინდელი ტრაგიკული ინტელექტუალური შეცდომებისა, მე მჯერა, რომ დაკვირვება, ანალიზი და თეორიის აგება ხელს შეუწყობს სხვა, უკეთესი სამყაროს შექმნას.“ რის კეთილშობილურ მიზანსაც დღევანდელი ჩვენი შეკრების სახელწოდებაც ,,ძლიერი დიასპორა -ერთიანი საქართველოსთვის“ , მისი სახელიდან გამომდინარეც ცხადყოფს, ხოლო თითოეული ჩვენგანის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული და გამდიდრებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება უპირველესად თითოეულ ჩვენთაგანს და ჩვენი სამშობლოს – საქართველოს პროგრესულ წინსვლას.
დღეს, როდესაც ინფორმაციული საზოგადოების ეპოქალურ ფაზაში ვიმყოფებით მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ვფიქრობ მიგრაციის აქტუალური საკითხების მიმართულებით განსაკუთრებული გამოწვევების და პასუხისმგებლობების წინაშე ვდავართ. ვფიქრობ ისე როგორც არასდროს დედამიწის დღევანდელ ლიბერალ -დემოკრატიული ფასეულობების მქონე ნაწილში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება თითოეული პიროვნების ინტელექტუალური, ფიზიკური, ფინანსური, კულტურული და სხვა ადამიანური რესურსების მაქსიმალურად სწორად გამოყენების აუცილებლობა. თანამედროვე გლობალური პრობლემები კი პატარა ქვეყნების მოქალაქეებს გვბიძგებს უფრო ეფექტური ანალიზის, წარსული თუ დღევანდელი პრობლემების გამოსწორებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მეტ სარგებელზე გათვლილი ნაბიჯების გადადმისაკენ.
პროგრესული სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიტიური მონაპოვარი ადამიანის უფლება თავისუფლად გადაადგილდეს და იცხოვროს ისე როგორც მას სურს – პატარა ქვეყნებს ერთის მხრივ აძლევს სოციალური პრობლემების დაძლევის და შრომითი ბაზრის თავისუფალი განვითარების შანს, ხოლო მეორეს მხრივ ის ქმნის საფრთხეებს რომლებიც არამხოლოდ მის შიგნით დემოგრაფიულ განვითარებასა და ინტელექტუალური თუ შრომითი რესურსების კარგვით გამოიხატება, არამედ მის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობასა და დაახლოებაზეც ხშირ შემთხვევაში ნეგატიურად აისახება და დამატებით არცთუ იოლ ვალდებულებათა აღებაც გულისხმობს.

დიასპორა და მისი წარდგენა ადგილსამყოფელ ქვეყნებში – გამოწვევა რომელიც დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიგრანტთა წარმომშობი ქვეყნების ხელისუფლებებისა და თავად მიგრანტებისათვის. ეს საკითხი და მასი პოზიტიურად წარმოჩენა არაერთი ქვეყნის მთავრობების მიერ კარგად დამუშავებული კარიერული თუ სახალხო დიპლომატიური პრაქტიკული ღონისძიებების იმპლემენტირების კვალდაკვალ დღესდღეობით გადაუდებლად მოითხოვს ადგილამყოფელი ქვეყნების მედია თუ სხვა არსებულ საინფორმაციო საშუალებებთან მჭიდრო კავშირსა და თანამშრომლობას.მაგალითისათვის შემოგთავაზებთ საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ქართული დიასპორის მდგომარეობის მცირე ანალიზს.
საბერძნეთში სადაც ამჟამად მცხოვრები და დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მკვიდრი მოსახლეობის კუთვნილ უძრავ თუ მოძრავ ქონებასთან ახლო წვდომისა და გამოყენების ყოველდღიურ რეჟიში იმყოფება – დაბალ ანაზღაურებადი მუშახელის ფაქტორის აუცილებელ მახასიათებელთან ერთად ადგილობრივი დამსაქმებლისაგან დასაქმების ერთ-ერთი წინაპირობად ნდობას საჭიროებს. ნდობა და კეთილსინდისიერად სამუშაოს შემსრულებლის მოლოდინი დამსაქმებლისაგან კი ორი მნიშვნელოვანი მოცემულობიდან ყალიბდება პირველი ესაა რეკომენდაცია პოტენციური დასაქმებულის შესახებ,ხოლო მეორე ზოგადი განწყობა და გავრცელებული შეხედულებები   ამათუ იმ ქვეყნის მოქალაქეთა სოციალური ჯგუფების მიმართ, რომელ ტენდენციებსაც მნიშვნელოვანწილად ადგილობრივი მედია და საინფორმაციო საშულებებები ქმნიან და აყალიბებენ. მაგალითად საბერძნეთში ადგილობრივი მასობრივი მედია საშუალებები ბერძნულ ენაზე თითქმის ყოველთვის შანს არ უშვებენ ხელიდან გააშუქონ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები , ხოლო პოზიტიურ მოვლენების გაშუქებისაგან თავს იკავებენ. არის შემთხვევები როდესაც ამ პრობლემას ამძაფრებენ კიდეც და დაუდასტურებლად საქართველოს მოქალაქეები კრიმინალური ფაქტების ჩამდენადაც გამოცხადებულან, მაშინ როდესაც ადგილობრივი სამართალდამცავების მხრიდან დამნაშავეებად სრულიად სხვა ქვეყნის მოქალაქეები ყოფილან ცნობილები და შესაბამისად დაკავებულები. ხოლო გამავრცელებელ მედია საშუალებას დადასტურებული ფაქტი როგორც ახალი ნიუსი გაუშუქებია ხოლო დაუდასტურებელი ინფორმაციისთვის ბოდიში არც მოუხდია ან არ უარუყვია საჯაროდ. მსგავსი შემთხვევებისას საქართველოს საელჩოს მიერ ფაქტზე რეაგირების შემთხვევაში კი ადგილობრივი ბერძნულენოვანი მედია საშუალება პირადად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისადმი ბოდიშის მოხდით თუ შემოიფარგლება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის უცნობ ფაქტად რჩება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა დღეს არის საქართველოსათვის დადებითი იმიჯის შექმნა და ქართული დიასპორის პოზიტიური წარდგენა ადგილსამყოფელ ქვეყნებში სწორედ ადგილობრივი მასობრივი მედია საშუალებების გამოყენებით.
ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობა და მათ მიერ ჩვენთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელება და მიწოდება ადგილსამყოფელი ქვეყნების მოსახლეoბისადმი, ერთის მხრივ გადაფარავს ან ნაწილობრივ გაანეიტრალებს ნეგატიურ საინფორმაციო ფონს ,ხოლო მეორეს მხრივ შექმნის ახალ პოზიტიურ განწყობებს ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ.
მეორე მნიშვნელოვან საკითხს და გამოწვევას ვფიქრობ წარმოადგენს ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული დიასპორის წევრებს შორის საინფორმაციო უზრუნველყოფა მშობლიურ ენაზე.  დღეს როდესაც აქტიურად გამოიყენება სოციალური ქსელები ადვილდება ინფორმაციის გავრცელება. საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მძიმე პირობების მიუხედავად,რაც მათ თავისუფალ გადაადგილებას ზრუდავს და შეიძლება ითქვას დამსაქმებლის კერძო საკუთრებაშია გამოკეტილი და მუდმივად მის გვერდით იმყოფება შეიძლება ხმამაღლად ითქვას სწორედ დასაქმების ამ მახასიათებლის გამოყენებაა საჭირო, მოცემული ვითარებიდან გამომდინარე სოციალური ქსელების საშუალებით ჩვენ გვიჩნდება შესაძლებლობა საბერძნეთის მოქალქეებთან, მათ მიერ დასაქმებული ჩვენი მოქალქეების საშუალებით უშუალოდ ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალქეებთან მივიტანოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც რომ ჩვენი მოქალაქეების დამსაქმებლები ძირითადად შეძლებულ და სოციალურად მნიშვნელოვან ფენას წარმოადგენენ ამ მიმართულებით მუშაობის შემთხვევაში ჩვენ ჩვენი ქვეყნისათვის ახალ პერსპექტივებსაც გავხსნით, თუ ჩვენ ჩვენს თანამემამულეების უმრავლესობას ადგილობრივი მოსახლეობის ოჯახებსა მათ ირგვლივ არსებულ სოციუმში როგორც დადებითი კონტექსტით ერთგარ ინფორმატორებად და ჩვენი ქვეყნის ,,მინი ელჩებად“ მივიჩნევთ (განვსაზღვრავთ), რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ მოცემული რეალობაა, ამ მხრივ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა არამხოლოდ სასურველი არამედ მრავალმხრივ ეფექტური და გადაუდებელი საჭიროებაცაა.
ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული დიასპორის წევრების მშობლიურ ენაზე საინფორმაციო უზრუნველყოფა , სხვა რამდენიმე გზითაც არის შესაძლებელი.
პირველი ესაა – ჩვენი მოქალაქეებისთვის უშუალოდ, პირდაპირი გზით ინფორმაციის მიწოდება ქართული დიასპორული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით. სათვისტომოების ამ მიმართულებით გააქტიურება კი სხვადასხვა მათთვის საჭირო და საინტერესო პროექტების საშუალებით არის შესაძლებელი.
მეორე – ადგილობრივი ახალგაზრდა ემიგრანტი მოხალისეების ჩართულობით შექმნილი პროგრამების ამოქმედებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საინფორმაციო კამპანიების პერიოდული განხორცილებით.
რაც შეეხება თავად ინფორმაციის წყაროს და გამავრცელებელ საშუალებას ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ პირველ ეტაპზე ერთგვარი ნოვატორის ფუნქცია უნდა იკისროს და შესაბამისი ფინანსური რესურსიც უნდა განსაზღვროს, რომელიც ან დაეხმარება ადგილსამყოფელ ქვეყნებში უკვე არსებული ქართულენოვანი მედია საშუალებების გაძლიერებას ან ერთგვარ ბიძგს მისცემს ახალი მედია საშუალებების გაჩენას.
ფინანსური რესურსების მოძიება კი არაა სავალდებულო საბიუჯეტო თანხებით მოხდეს. ამ მიმართულებით სამუშაო შესაძლებელია ქართული საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ ბიზნეს სექტორთან სახელმწიფოს მხრიდან მედიატორის ფუნქციის შესრულებითაც განისაზღვროს , ისევე როგორც საერთაშორისო ფონდებთან მოლაპარაკებით და ამ მიმართულებით საჭირო საგრანტო კონკურსების გამოცხადების შეთავაზების კუთხით.
  დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მის მოქალქეთა მიერ დაარსებული და წარმოშობილი დიასპორები დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას – ესაა ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი კავშირი ერთმანეთთან. ამ მიმართულებითაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი საინფორმაციო აქტივობას ეკისრება, ვინაიდან გაუცხოებას და საბოლოოდ კავშირის გაწყვეტას ერთმანეთის შესახებ საინფორმაციო ვაკუუმი ან არასწორად გავრცელებული ინფორმაცია უწყობს ხელს.
მე როგორც ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხშირად დავმდგარვარ საქართველოში ინფორმაციის გავრცელების პრობლემის წინაშე, რომელიც ჩვენს თანამემამულეებს ან მათთან დაკავშირებული ფაქტების ეხებოდა. ხშირია ასევე ქართული მედია საშუალებების მხრიდან არასწორად აღქმული და ნახევრად მცდარი, დამახინჯებული ინფორმაციის გაშუქების ფაქტებიც. რაც არასწორ წარმოდგენებს ქმნის როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოქალქეებში ასევე გაღიძიენებას და ნეგატიურ განწყობებს იწვევს ემიგრაციაშიც. ვფიქრობ საჭიროა მინიმუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის მხრიდან გამახვილებულ იქნას ყურადღება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ამ უმნიშვნელოვანესი ნაწილის ემიგრანტების მიმართ და მის საეთერო ბადეში აისახოს აღნიშნული კატეგორიის, ქვეყანაში ფინანსურად და ეკონომიკურად არცთუ უმნიშვნელო წვლილის შემომტანი მოქალაქეების საკითხები. ვფიქრობ საკმარისი არაა ერთი მცირე დაფინანსების მქონე რადიო გადაცემის არსებობა და საჭიროა თვეში მინიმუმ ორჯერ მაინც შესაბამისი პროფილის მქონე სატელევიზიო გადაცემის და სიუჟეტების მომზადება და გავრცელება, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს მიერ მიწოდებული მცირე ნიუსების გავრცელებაზე, რომელსაც შესაძლოა ქართულ მედიაში სანდო ინფორმაციის გავრცელების წყაროს ფუნქციაც დაეკისროს. ასევე სასურველი იქნება თუ გადამზადდება რამდენიმე ჟურნალისტი სპეციალურად მიგრაციის და დიასპორის თემებისათვის რათა მათ არ გაუჭირდეთ საკითხთან დაკავშირებული ელემენტარული ტერმინების შინაარსის დაუმახინჯებლად და უკონტექსტოდ ხმარება ინფორმაციის მომზადებისას, გეოგრაფიული თუ სხვა საჭირო სახელების სწორად გადმოცემა, რისი უამრავი შემთხვევებიც დღევანდელი მოცემულობით გვაქვს.

და ბოლოს, სახელმწიფოს და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ რიგით და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისადმი ინფორმაციის მიწოდების და მათგან მიღების საკითხი – გამოწვევა რომელიც თითქმის ყველა ქვეყნის საჯარო სამსახურის წინაშე დგას , მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებულად აქტუალურია დიასპორასთან მიმართებაში.
თანამდროვე სახელმწიფო ინფორმაციის გავრცელებისა და მიღებისათვის ყველასათვის კარგად არის ცნობილი რომ აქტიურად იყენებს სხვადასხვა ელექტონულ თუ სოციალურ ქსელებს. რითაც თითქოს პრობლემები უნდა იყოს მოხსნილი თუმცა არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ ახლა უამრავი ემიგრანტის სათქმელს გამოვხატავ და ვიტყვი რომ ეს ასე არაა. პრობლემები ამ მიმართულებით დღემდე ერთ-ერთი აქტუალური თემაა განსაკუთრებულად იმ ქვეყნებში სადაც მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორები არსებობს. მაგალითად საბერძნეთში სადაც მხოლოდ ათენის საკონსულო სამსახური ყოველდღიურად მინუმუმ 50 დან 70 საქართველოს მოქალაქეს ემსახურება და ჩვენც მუდმივად ვაწვდით მათ ინფორმაციას, ხოლო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი სისტემატიურად ამზადებს საჯარო ანგარიშებს ემიგრაციისადმი, მუდმივად გამოხატავს მზაობას თემატურ და კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრების და კონსულტაციებისა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, ემიგრაცია ხშირად საუბრობს ინფორმაციის არ ქონაზე და მასზე წვდომის დეფიციტზე – რომელსაც ვფიქრობ ზემოთ ჩემს მიერ აღნიშნული საკითხების იმპლემენტირება დიდწილად აღმოფხვრის… რაც შეეხება სახელმწიფო წარმომადგენლობის მიერ ემიგრაციის შესახებ ინფორმაციაზე და მათ პრობლემებზე წვდომას ვფიქრობ მნიშვნელოვნად აუცილებელია დიდი რიცხოვნობის მქონე დიასპორებში დიასპორულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის პარალელურად, მიგრაციის და დიასპორების საკითხთა ატაშის არსებობა , პოლიციის, კომერციული და სხვა თემატური საკითხების ატაშეების მსგავსად -რომლის უშუალო ფუნქციებშიც შევა შრომით მიგრანტებთან და უშუალოდ ემიგრანტებთან ურთიერთობა , მათ წინაშე მდგარ პრობლემებზე მუშაობა და სხვა მათთვის საჭირო საკითხებში დახმარება. აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ცალსახად დაეხმარება თავად დიპლომატიური წარმომადგენლობების ეფექტურ მუშაობასაც და სახელმწიფოსაც ემიგრაციის წინაშე არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, მის ანალიზსა და შემდგომ განსახორციელებელ სამუშოთა დაგეგმარებას.

თბილისი.

2017 წლის 27 მაისი.