წარმატებული ქართველი უცხოეთში ანუ „ქართველი მარია შარაპოვას“ ამბავი ამერიკაში

1595

  sputnik-georgia.com -ის რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“  ნიუ-იორკში „ჩავიდა“, რათა იქ ჟურნალისტმა თეონა გოგნიაშვილმა  ულამაზესი და წარმატებული ახალგაზრდა ქალბატონი  გაგაცნოთ.

მისი ამბავი კონკიას ზღაპარივითაა: 16 წლის ასაკში მისი კერპის მარია შარაპოვას მსგავსად თმა ქერად შეიღება და გარეგნულად საყვარელ ჩოგბურთელს დაემსგავსა, თუმცა, არა მხოლოდ გარეგნულად.

დიანა დავითაია
დიანა დავითაია

დიანა დავითაიამ ჩოგბურთის თამაში ექვსი წლიდან დაიწყო. 16 წლამდე საქართველოს პირველობა აქვს მოგებული და N1 ჩოგანი არაერთხელ იყო. უცხოეთის ბევრ ტურნირში იღებდა მონაწილეობას და ყოველთვის საუკეთესო შედეგებით გამოირჩეოდა. სკოლის მერე ამერიკაში Cowley College-ში გადავიდა სასწავლებლად და შეჯიბრებებზეც გამოდიოდა. იმდენად წარმატებული იყო, რომ კოლეჯის შემდეგ ბევრი უნივერსიტეტის პირველი დივიზიონის გუნდებიდან მიიღო შემოთავაზება. დაამთავრა მიჩიგანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

დღეს პრესტიჟული ჯონ მაკერონის აკადემიის გუნდის მწვრთნელია, ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მცირეწლოვან შვილს ზრდის. ახლო მომავალში აპირებს, რომ ახალგაზრდა ჩოგბურთელებისგან ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბოს, თუმცა სპორტის მიღმა სხვა ოცნებებიც აქვს…

დიანა დავითაია
დიანა დავითაია

– დიანა, პირველობას მიჩვეული ხართ და გამოდის, რომ ამერიკაშიც არ დათმეთ პოზიცია…

— საქართველოში სკოლის დამთავრების მერე ამერიკის კოლეჯში ბიზნესის განხრით გავაგრძელე სწავლა. ტურნირებზე კოლეჯის სახელით გამოვდიოდი და საკმაოდ მაღალრეიტინგული სპორტსმენი ვიყავი. კოლეჯის მერე ბევრი უნივერსიტეტიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მე მიჩიგანის უნივერისტეტი ავირჩიე, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი სწავლობდა. ცნობილია, რომ მიჩიგანის შტატში სწავლა საკმაოდ ძვირია – 35 000 დოლარია საჭირო წელიწადში, მაგრამ რადგან ტურნირებზე უნივერსიტეტის სახელით გამოვდიოდი, ჩემი ამერიკაში ცხოვრება ამ სასწავლებელმა უზრუნველყო. დავამთავრე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მოკლედ, ამერიკაში ჩემი ოცნებები ნელ-ნელა რეალობა ხდება…

დიანა დავითაია
დიანა დავითაია

– ნიუ-იორკშიც შემოთავაზების გამო გადახვედით?

— ნიუ-იორკში იმის გამო გადმოვედი, რომ აქ საკმაოდ პრესტიჟული ჯონ მაკერონის აკადემიიდან მივიღე მოწვევა. ამ სიახლემ დიდი სტიმული მომცა საკუთარი თავის რეალიზების და შესაძლებლობების სრულად გამოვლინისთვის. აქ ვავარჯიშებ ბევრ ბავშვს, რომლებიც წარმატებისკენ მიისწრაფვიან და მოხარული ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდის კარიერაში მეც შემაქვს საკუთარი წვლილი. მე და ჩემი მეგობარი ბრუკლინში ვაპირებთ ხუთი წლიდან ზევით რამდენიმე სხვადახვა დონისა და ასაკის სპორტსმენების გუნდები ჩამოვაყალიბოთ. მინდა, რომ საკუთარი ბიზნესი მქონდეს და ის საქმე ვაკეთო, რაც კარგად ვიცი და ძალიან მიყვარს.

დიანა დავითაია
დიანა დავითაია

– მარია შარაპოვას თუ შეხვედრიხართ ოდესმე?

— მართალია, მას პირადად არ ვიცნობ და არც შევხვედრივარ, მაგრამ ტურნირზე სიამოვნებით შევეჯიბრებოდი. მასთან ჩემი მსგავსება ამერიკელმა მწვრთნელებმაც შეამჩნიეს და „ქართველ მარია შარაპოვას“ მეძახდნენ.

– ფოტომოდელის მონაცემები გაქვთ და არ გინდათ სერიოზულად იფიქროთ ამ მიმართულებითაც?

— იმდენად ხშირად მეკითხებიან რატომ არ ვარ ფოტომოდელი, რომ, მგონი, დროა, ამ თემაზეც სერიოზულად ვიფიქრო. სიამოვნებით გადავიღებდი ლამაზ ფოტოებს და ვიმუშავებდი ცნობილ ფოტოგრაფებთან. სხვა ოცნებაც მაქვს…

კოლეჯის დამთავრების დროს
კოლეჯის დამთავრების დროს

– სხვა ოცნებაში შემთხვევით ჰოლივუდს ხომ არ გულისხმობთ?

— გულახდილად გეტყვით, ვოცნებობ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდე. სხვათა შორის, როცა უნივერსიტეტში სპექტაკლებს ვდგამდით და სცენაზე გამოვდიოდი, მაშინ მივხვდი, რომ სურვილი მქონდა მსახიობი გავმხდარიყავი. ამერიკამ დამოუკიდებლობა, შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა მასწავლა. აქ ცხოვრების ძალიან ჩქარი ტემპია და წუთით მაინც თუ ჩამორჩი, მერე ძნელია დაეწიო, ამიტომ ვცდილობ, რომ ყველაფერი მწყობრში მქონდეს. მჯერა, რომ ყველა ოცნებას რეალობად ვაქცევ. ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც ოცნებების ასრულებაში გეხმარება…

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

– ამერიკაში ცხოვრების დროს ქართული წარმომავლობა თუ გეხმარება?

— ამერიკაში ცხოვრების ამ წლების მანძილზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ საკუთარ წარმომავლობაზე და მივხვდი, რომ უცხოელებთან კომუნიკაციის დამყარებაში ქართული კულტურა და ტრადიციები ძალიან მეხმარება. აქ ხშირად გავდივარ ოკეანის სანაპიროზე, რომელიც ულამაზესია, მაგრამ მე შავი ზღვის ქალაქები და სანაპირო მენატრება…