დიასპორული ინვესტიცია და წარმატებული ,,აჯიკის ფესტივალი” ზუგდიდში

2027

31 აგვისტოს ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრისა და ქ.ბერკშირში (დიდი ბრიტანეთი) პალატის წარმომადგენლის  ქეთევან მაღლაკელიძე-კობიაშვილის ორგანიზებით საქართველოში ქალაქ ზუგდიდში,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  – “აჯიკის ფესტივალი გაიმართა, რომლის მხარდამჭერებიც იყვნენ ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა , ბიო-მეურნეობების ხელშემწყობი ორგანიზაცია ,,ელკანა”; საგამომცემლო სახლი ,,სახე(ლ)ები,” და ,,საქართველოს კულინართა ფედერაცია.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალში სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ საკუთარი პროდუქცია. წარმოდგენილ პროდუქციას დამთვალიერებელთან ერთად სპეციალური ჟიურიმ დააგემოვნა. გამოვლინდა საუკეთესო გარეკვების (სტრით-ფუდის) ოსტატიც, რომელსაც საშუალება მიეცემა წარმოადგინოს საქართველო ბერლინში, ევროპულ ,,სტრით-ფუდ” ფესტივალზე და იასპარეზებს ევროპის თასისთვის.

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის ზაალ სარაჯიშვილის განცხადებით: ,, ფესტივალი ორდღიანია და ჩატარდება სხვადასხვა სახის კულინარიული კლასები, წარმოდგენილი იქნება ინტერაქტიული თამაშები, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ განსხვავებული კერძები. მინდა ავღნიშნო რომ ფესტივალი უნიჭიერესი მუსიკოსებისგან შემდგარმა ჯგუფმა „ლაკადამ“ გახსნა და განსაკუთრებული ემოცია შესძინა ამ შესანიშნავ ღონისძიებას. აღსანიშნავია ასევე რომ გამარჯვებული პროდუქტები ჩაეშვება წარმოებაში და გავა ევროპულ ბაზარზე, ახალი გამარჯვებულის გამოვლენამდე.” – განაცხადა ზაალ სარაჯიშვილმა DIASPORA.GE -სთან საუბრისას.

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრის და ქ.ბერკშირში (დიდი ბრიტანეთი) პალატის წარმომადგენლის  ქეთევან მაღლაკელიძე-კობიაშვილის ორგანიზებული ,,აჯიკის ფესტივალის” სპეციალური ჟიურის შემადგენლობაში არიან „კულინარიული ასოციაციის“ თავმჯდომარე მანუელ ფაუნდეს ბარანდა, „ყველის დედოფლად“ წოდებული ანა მიქაძე და გასტრონომიული მკვლევარი დალი ცატავა.