ყურადღება! ვის სცნობს გერმანია სპეციალისტად და როგორ არის შესაძლებელი სამუშაო ვიზის მიღება 2020 წლის 1 მარტიდან

0
1701

როგორც ცნობილია გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით 2020 წლის 1 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ლეგალური დასაქმება შეეძლებათ რაც შეეხება იმას თუ ვის სცნობს გერმანია სპეციალისტად ამის შესახებ განმარტებას თბილისში გერმანიის საელჩო აკეთებს და დაინტერესებულ პირებს ამცნობს იმ წესებს რომლებიც საჭიროა სამუშაო ვიზის მისაღებად:

გერმანიაში დასაქმება სპეციალისტად და სხვა სახის დასაქმება. მუშაობის დაწყებამდე თქვენ გესაჭიროებათ ბინადრობის უფლება, რომელიც მოგცემთ საქმიანობის განხორციელების ნებართვას*. გერმანიაში გამგზავრებამდე უნდა მოითხოვოთ ვიზა თქვენს ქვეყანაში არსებულ გერმანიის წარმომადგენლობაში (საელჩოში ან გენერალურ საკონსულოში)**. უმეტეს შემთხვევებში ვიზა გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ ამის თანხმობას გასცემს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო. თუ ადრეც ყოფილხართ გერმანიაში, მაშინ საჭიროა ასევე თქვენს მომავალ საცხოვრებელ ადგილზე არსებული უცხოელთა მომსახურების უწყების (Ausländerbehörde) თანხმობა. როგორც წესი, ამ თანხმობას ითხოვს  საელჩო. თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილებულია, თქვენ მიიღებთ ჩვეულებრივ ექვსთვიან ვიზას. ამ პერიოდის განმავლობაში გერმანიის უცხოელთა მომსახურების უწყებაში უნდა მოითხოვოთ ბინადრობის უფლება. არსებობენ პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტები და აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტები. გერმანიაში საჭიროა გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების აღიარება. პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ გავლილი კვალიფიციური პროფესიული განათლების კურსი, რომელიც გერმანული კანონმდებლობის თანახმად მინიმუმ ორი წელი უნდა გრძელდებოდეს. აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტებმა უნდა წარადგინონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. სპეციალისტებს შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი კვალიფიკაციის შესაბამის პროფესიაში დასაქმება.

თქვენ, როგორც სპეციალისტს, შეგიძლიათ მიიღოთ სამუშაო ვიზა, თუ

  • გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული თქვენი კვალიფიკაცია აღიარებულ იქნა*;
  • მიიღეთ კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება. ამ შემთხვევაში თქვენს მომავალ დამსაქმებელს სთხოვეთ, რომ შეავსოს ფორმა „განცხადება შრომითი ურთიერთობის შესახებ“ (Erklärung zum Beschäftigungsverhältnis**);
  • თქვენ მიიღეთ პროფესიის განხორციელების ნებართვა (ან დაგიდასტურეს, რომ ამ ნებართვას გასცემენ), თუ თქვენ გსურთ ე.წ. რეგლამენტირებულ პროფესიაში*** მუშაობა (მაგ. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში);
  • თქვენ ასრულებთ უცხოელთა შესახებ კანონის ზოგად წინაპირობებს, მაგ. მოქმედი პასპორტი, ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფა და ა.შ.

განაცხადი ვიზის მიღებაზე მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოთ, თუ ყველა წინაპირობას ასრულებთ და შეგიძლიათ საბუთების სრულყოფილად წარმოდგენა. თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული თქვენი კვალიფიკაცია ჯერ არ არის აღიარებული, თქვენი სავიზო განაცხადი ვერ განიხილება.

თუ პროფესიული ან უმაღლესი განათლება გერმანიაში მიიღეთ, მაშინ აღიარება არ არის საჭირო. გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარებას სხვადასხვა უწყებები ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ აქ:

  • www.make-it-in-germany.com
  • www.Anerkennung-in-Deutschland.de
  • ცხელი ხაზი „მუშაობა და ცხოვრება გერმანიაში“: +49 30 1815 – 1111
  • უცხოური განათლების სფეროს ცენტრალური უწყება.