ქართული კერა იტალიის ქალაქ ბარიში

1459

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი შვილებისთვის მშობლიური, ქართული ენის შენარჩუნების საკითხია, რომელსაც ისინი ქართული საკვირაო სკოლების საშუალებით უმკლავდებიან. საკვირაო სკოლებში პირველ რიგში, ენობრივი ბარიერის გადალახვაში ეხმარებიან პატარა ქართველებს და  მშობლიურ  ენაზე წერა-კითხვასაც ასწავლიან. ქართული დიასპორების  წარმომადგენლები,რომლებიც  წლებია, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მათი შვილები ადაპტირებულნი არიან გარემოსთან და იმ ქვეყნების ენებიც კარგად იციან სადაც ცხოვრობენ, მშობლიური ენის შესწავლას ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად აუცილებლობად მიიჩნევენ. ვინაიდან არაერთი ფაქტია როდესაც ქართული ენის და წერა-კითხვის ცოდნა იკარგება ადვილად წყდებიან წარმომშობი ქვეყნის კულტურას და საბოლოოდ წყვეტენ კიდეც კავშირს საქართველოსთან.

სწორედ ამიტომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, ასევე ახალი ჩასული ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის საზღვარგარეთ არსებობს ქართული საკვირაო სკოლები და  ქართული ენის შემსწავლელი კურსები. მათი დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეების მიერ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე არსებობს და თავადვე უწევთ მათი ხარჯების და ფინანსური საკითხების გადაწყვეტაც. ხშირია შემთხვევები როდესაც უცხოეთში დაფუძნებულმა არაერთმა ქართულმა კერამ არსებობა სწორედ ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა კიდეც.

 მსოფლიოში დღეს დარჩენილი და ამჟამად რეალურად მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებიდან განსაკუთრებული და გამორჩეულია ოფიციალურად, 2018 წლის 10 თებერვალს იტალიის ქალაქ ბარიში  დაარსებული ქართული საკვირაო სკოლა ,,აისი” , რომელიც იტალიის რესპუბლიკის მიერ აკრედიტირებული ქართულენოვანი თარჯიმანის და ქალაქ ბარის სასამართლოს მიერ ავტორიზებული კულტურათაშორისი მედიატორის, ასოციაცია CE.S.E.F (სერვის-ცენტრი) და ასოციაცია A.I.S-ის ხელმძღვანელის იურისტ ნინა რურუას თაოსნობით და ინიციატივით დაფუძნდა. 

ქალბატონ ნინასვე, ქართული საკვირაო სკოლით დაინტერესებული  იტალიური პრესისადმი მიცემული ინტერვიუდან რომ დავესესხოთ :,,დაარსების დღიდან დღემდე საკვირაო სკოლის ერთადერთი მიზანი იყო, არის და იქნება ემიგრანტი ბავშვები აზიაროს ქართულ ენას, კულტურას და ისტორიას”.

ბარის ქართული საკვირაო სკოლა ,,აისი” გამორჩეული ქართული კერა იმითაც არის რომ სკოლაში დასაქმებული სამივე პედაგოგი, იამზე ტურაბელიძე, მარიკა მთიულიშვილი და
თამარ ცარციძე,პროფესიონალი პედაგოგები არიან. მათი მიზანი საქმეა, ის საქმე რომლესაც განათლება ჰქვია, რაც ქართულ დიასპორაში საკმაოდ დიდ ფუფუნებად არის მიჩნეული, ვინაიდან უამრავ მსგავს დაწესებულებაში პედაგოგის საპასუხისმგებლო საქმის შესრულება სამშობლოს და ქართული ენის მოყვარულ, მაგრამ არაპროფესიონალებს უწევთ ხოლმე. სკოლა ,,აისი” კი ამ მხრივაც ღვთისგან  დალოცვილია.
სამშობლოდან რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებულ იტალიის ქალაქ ბარიში დაფუძნებული ქართული კერის სულისჩამდგმელის ნინა რურუას გადაწყვეტილებით სკოლა ,,აისის” ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები დაარსების დღიდან დღემდე უფასოა და პატარა ქართველებს მშობლიურ ენას, ღვთივკურთხეულ ქართულ კალიგრაფიას და სამშობლო ქვეყნის ისტორიას სრულიად უანგაროდ შეასწავლიან. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაყოფილ სკოლის მოსწავლეებს ფსიქოლოგი ნატალი ბუკია ინტეგრაციის და სხვა საჭირო საკითხებში აქტიურად ეხმარება ასევე პატარა ქართველებს.

,,ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია, ვაკეთოთ ქართული საქმე პატარა ემიგრანტებისთვის, ჩვენი მომავლისთვის რათა შემდგომ ჩვენი უსაყვარლესი სამშობლო უცხოდ არ მოეჩვენოთ მათ, თითიეული ჩვენთაგანი ხომ გულით დავატარებთ საქართველოს… !” -აცხადებს ნინა რურუა.