ჩვენ ყველამ გავიარეთ ემიგრანტობის უმძიმესი გზა -წერილი ესპანეთიდან

3997

საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომელმაც ესპანეთს თავშესაფრის მოთხოვნის იმედად მოაშურა,მინდა შეგახსენოთ, რომ ლტოლვილად ჩაბარების პროგრამის პირველადი სასწრაფო დახმარების რესურსი ესპანეთმა სექტემბრიდან ამოწურა და შესაბამისად, თავშესაფარსაც ვერავის მისცემს, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია და არანაირ საფუძველზე აღარ აპირებს ჩვენი თანამემულეების დახმარებას ამ თვალსაზრისით.
უმცა, მინდა მოგიყვეთ ერთი სულის შემძვრელი ამბავი, რომლის გაუზიარებლადაც უბრალოდ ვერ დავიძინებდი ამაღამ.
დიდი შესავლით თავი რომ არ შეგაწყინოთ, გეტყვით, რომ ალიკანტეში, არ ვიცი, ვისი ხელშეწყობით თუ ტყუილ-მართლით, ჩამოსულია ახალგაზრდა ოჯახი. ცოლიცა და ქმარიც 19 წლისანები არიან, ანუ თითქმის ბავშვები და ამ ბავშვებს თან ჰყავთ კიდევ 7 თვის პაწია, ხოლო დედამისი მეორე შვილზეა ფეხმძიმედ.
წყვილი უკვე ერთი კვირაა წითელი ჯვრის კარზე ათენ-აღამებს, ქუჩაში სძინავთ და ბავშვიც გაუცივდათ. არ გააჩნიათ არაფერი, მათ შორის, ბავშვის საკვები და პამპერსები, ზამთრის ტანსაცმელი და საკვები, არ ჰყავთ არავინ გულშემატკივარი არც აქ და არც საქართველოში…
ახლა კი მინდა გთხოვოთ: მოდი, დავდგეთ ერთად, გავუწოდოთ ხელი ამ ახალგაზრდებს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებსაც, მართალია, აქ ძალიან უჭირთ, მაგრამ ასევე არ ულხინთ საქართველოში. დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია, ეგებ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. რაკიღა ცხადია, რომ ამ წყვილისთვის ერთჯერადი დახმარება საკმარისი არ იქნება, გულითადად გთხოვთ, შევიკრათ ერთ მუშტად, გავაკეთოთ რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია, ისიც, და, მერწმუნეთ, ეს სიკეთე უფრო მეტად ქრისტიანული იქნება, ვიდრე იმის ძახილი, რომ სად მოდიოდნენ, რომ მოდიოდნენო. გაკილვა და კრიტიკა ადვილია, დახმარება უფრო ძნელი. სწორედ ამიტომ, გთხოვთ, ნუ დავემსგავსებით კლავიატურის „გმირებს“ და ნუ გამოვალთ ნოტაციებით, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყველამ გავიარეთ ემიგრანტობის უმძიმესი გზა, ტკივილი, გაჭირვება...
მარტო მე ვერაფერს შევძლებ, ვერც თქვენ ცალ-ცალკე, ამიტომ მოდი, ერთად გავაკეთოთ უტყვი სიკეთე!
ვიცი, რომ გამომეხმაურებით, ამიტომ წინდაწინ დიდ მადლობას გეუბნებით ყველას დახმარებისა და კეთილშობილებისთვის!

გთხოვთ ქველმოქმედების მსურველები გადადით ლინკზე : Cultura Georgiana