Deutsche Welle: საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ

2182

 

საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმება ერთი წლის წინ გააფორმა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი დრამატულად გაიზარდა.

„გერმანიის ხელისუფლების ცნობით, უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით შევსებული აპლიკაციების რიცხვი სამჯერ გაიზარდა. შარშან წლის პირველ სამ თვეში თავშესაფრის მოთხოვნით აპლიკაცია საქართველოს 601-მა მოქალაქემ შეავსო, თუმცა წელს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 1771-ს შეადგენს. ანალოგიური ზრდის შესახებ იტყობინება საფრანგეთი, იტალია და შვედეთიც“ – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორების თქმით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის კრიტიკოსები სწორედ ამ საფრთხის შესახებ საუბრობდნენ.

„ევროკავშირმა ახლა უნდა დაიწყოს დისკუსია, არის თუ არა მიზანშეწონილი უვიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების მექანიზმის პირველად ამოქმედება. მისი აქტივაცია შეუძლია ევროკომისიას, იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის დაუსაბუთებლად მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება, ან იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტები უსაფრთხოების პრობლემებს შექმნიან“, – ნათქვამია სტატიაში.

„დოიჩე ველეს” ცნობით, 2017 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ შევსებული 6340 აპლიკაციიდან, მხოლოდ 130 დაკმაყოფილდა. ამასთან სტატიის ავტორების თქმით, ევროკომისიაში პრობლემის შესახებ იციან, თუმცა მისი გადაწყვეტა საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით სურთ.

„ისინი ეცდებიან ჩაატარონ კამპანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავშესაფრის მიღების იმედს გაუქარწყლებს. გერმანია სულ მალე საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარებს. შედეგად იმიგრანტების დეპორტაცია უფრო იოლი გახდება“ – წერს „დოიჩე ველე“.

 

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნა ძირითადად განპირობებულია ამ ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლებით.

„თუ საქართველოში ერთი მოქალაქის თვის საშუალო შემოსავალი 280 ევროა, გერმანიაში ეს რიცხვი 3300 ევროს აღწევს“ – წერს გერმანული გამოცემა.

გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტატისტიკის ასეთი ზრდა უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ფიქსირდება.

არსებული ინფორმაციით, 2017 მარტის მონაცემებთან შედარებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.

კერძოდ, 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 601 განაცხადი იყო შესული, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტში – 1771 განაცხადი დაფიქსირდა. მსგავსი ან უფრო დაძაბული სიტუაციაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ევროკავშირში, შესაძლოა, დაიწყოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს, თუ თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი საგრძნობლად იზრდება ან თუ რომელიმე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებას უქმიან საფრთხეს.

 

 

 

წყარო:Deutsche Welle,1tv.ge interprssnews.ge