დიასპორის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე:ეხლა მთავარია, წითელი და მწვანე ღილაკები არ აგერიოთ ქუჩაში გადასვლისას

147

ახლა მთავარია, წითელი და მწვანე ღილაკები არ აგერიოთ ქუჩაში გადასვლისას, – ასე მიმართა დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რატი იონათამიშვილს.

პარლამენტის სხდომაზე დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგა, კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის რატი იონათამიშვილიც აღმოჩნდა.

ამასთან, პარლამენტის გადაწყვეტილებაზე უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ზვიად კვაჭანტირაძის საკითხზე კენჭისყრისას, წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, გარკვეული პრობლემა გახდა.

სწორედ ამ მიზეზით ახსნა ეს ფაქტი რატი იონათამიშვილმაც და აღნიშნა, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო.

„ჩემი პოზიციაა, რომ ზვიადს უმრავლესობის დატოვებასთან ერთად უნდა დაეტოვებინა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაც, ცხადია, მე ამ პოზიციის ერთგული ვარ, იყო ტექნიკური ხარვეზი და ვფიქრობ, მალე გამოსწორდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.