მმართველი პარტიის წევრების ინიციატივით უცხოელებზე საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლები მკაცრდება

365

მმართველი პარტიის წევრების ინიციატივით უცხოელებზე საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლები მკაცრდება.

პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად რეგულირდება.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა ილია წულაიამ პლენარული სხდომის მონაწილეებს პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები გააცნო.

კერძოდ: იმისთვის, რომ უცხოელმა ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა აიღოს, უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში, ნაცვლად 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტისა;

უცხოელს შრომითი ბინადრობის ნებართვის აღება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე. ასევე, განისაზღვრება მინიმალური ანაზღაურება თითოეული დასაქმებულისთვის და თუ შეწყდა შრომითი ურთიერთობა, კომპანიამ აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს იმისთვის, რომ გაუქმდეს შრომის ბინადრობის ნებართვა;

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, თუ მან საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ნაცვლად 300 000 ლარისა;

მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღების მსურველ უცხოელზე ასეთი ნებართვა თავიდან მხოლოდ 5-წლის ვადით გაიცემა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ყოველწლიურად წარმოადგენს 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტს;

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელსაც 5-წლის განმავლობაში უდასტურდება ყოველწლიური არანაკლებ 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ბრუნვა და ამავე დროს, შენარჩუნებული აქვს 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება, შეეძლება აიღოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა.