გიორგი გახარია სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დიასპორასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს

411

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საკანონმდელო ორგანოში 36 გვერდიანი 2019-2020 წლის სამთავრობო გეგმა წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგი საკვანძო მიმართულებებით: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; გთავაზობთ გიორგი გახარიას წარდგენილ სამთავრობო გეგმიდან იმ ნაწილს სადაც ქართული დიასპორის შესახებ დასახული მიზნებია ასახული:

გიორგი გახარია მიიჩნევს რომ: ,, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის განვითარება, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.

მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას,  სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თანამემამულეთა ადგილსამყოფელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიასპორის ჩართულობას და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების ხელშეწყობას.

2020 წელს დაიწყება ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი. – ნათქვამია პრემიერ-მინისრტობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამაში. 

პროგრამაში ასევე საყურადღებო და ინოვაციური ჩანაწერი გაჩნდა, სადაც ვკითხულობთ რომ:,,საქართველოს შესახებ საზღვარგარეთ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან საგარეო კურსის მიმართ მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, სტრატეგიული კომუნიკაციების ფარგლებში განხორციელდება თემატური საინფორმაციო კამპანიები და სხვა შესაბამისი ღონისძიებები, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, საინფორმაციო გარემოს მონიტორინგი დეზინფორმაციის გამოსავლენად და პრევენციისთვის”.