გიორგი ჯანჯღავამ ქართულ დიასპორასთან მორიგი შეხვედრები სტამბოლში გამართა

90

 თურქეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ქ. სტამბოლის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრს (Şota Rustaveli Kültür Merkezi), ქართული ხელოვნების სახლსა (Gürcü Sanat Evi) და ქართულ სახლს “გალაკტიონი” (Gürcü Evi “Galaktioni”) ეწვივნენ და შეხვედრა გამართეს აღნიშნული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. ქართველმა დიპლომატებმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნეს დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.
ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა გახლავთ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
დიასპორის წარმომადგენლებმა ქართველ დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენრალური კონსული ინგა კიკვაძე ბეიქოზის ბათუმისა და მისი შემოგარენის ქართული კულტურის ასოციაციას ეწვივნენ, სადაც აღნიშნულ ასოციაციას ქართული ენის შემსწავლელი კურსისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცეს.
სახელმძღვანელეობის გადაცემის შემდეგ, ქართველი დიპლომატები გაესაუბრნენ ქართული ენის შემსწავლელი კურსის პედაგოგსა და მოსწავლეებს. ამასთან, გაიმართა გაფართოებული შეხვედრა ადგილობრივ “ჩვენებურებთან”. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და აღინიშნა ის ინიციატივები, რაც უწყებას გააჩნია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის და სამშობლოსთან მათი კავშირის გასაძლიერებლად.
თავის მხრივ, ზემოაღნიშნული საზოგადოების ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გამოჩენილი ყურადღებისა და მზრუნველობისათვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის ქართული ენის სწავლების ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.