საქართველოში იტალიის საელჩოს მორიგი კულტურული აქტივობა თბილისში

155

de chirico cavalli bianchiსაქართველოს კვლავ სტუმრობს დიდი იტალიური ხელოვნება და გრძელდება იტალიის საელჩოს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან – ამჯერად მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს გამოფენა “დე კირიკო, ეზოთერიკოსი. მოგზაური ორ სამყაროს შორის”, რომელიც ორი თვის განმავლობაში, 27 მარტიდან 27 მაისამდე, ღია იქნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11). თბილისში პირველად იქნება წარმოდგენილი მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის “Pictor Optimus”-ად წოდებული, ჯორჯო დე კირიკოს უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავი ნამუშევრები. ექსპოზიცია, რომელიც 14 სურათსა და 1 ქანდაკებას მოიცავს, დამთვალიერებელს სთავაზობს მოგზაურობას, რომელიც იწყება 1923 წლით დათარიღებული სურათით და სრულდება სამოცდაათიან წლებში შექმნილი მხატვრის ერთ-ერთი უკანასკნელი ფერწერული ნამუშევრით.

de chirico piazza ditaliaამ გამოფენით შევეცადეთ წარმოგვედგინა დე კირიკოს იდუმალებით აღსავსე სამყაროს მთავარი თემები და ფილოსოფიური ასპექტები: ნატურმორტი, რომელსაც მხატვარი “უტყვს” უწოდებს; მანეკენი, რომელიც გაუცხოებისა და ეგზისტენციური მარტოობის სახეა; ხმელთაშუაზღვისპირეთის სინათლით სავსე ქალის სკულპტურული ფიგურები, ცხენების დაკუნთული სხეულების დინამიზმი და კლასიკური ხელოვნების რემინისცენცია; მეტაფიზიკური მოედნების ირეალური მდუმარება, მითოლოგიური არქეტიპები, სევდა, წუხილი და მოლოდინი. “მუდმივი მიბრუნება” რენესანსსა და ბაროკოსთან და საკუთარი ხელწერის ახლებური ინტერპრეტაცია. თავისუფლების სიყვარული. ზმანებები და სიზმრისეული სამყარო. ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევართა ექსპოზიციაში, რომელიც თბილისში პირველად წარსდგება, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის ცხოვრება, ხედვა და სული იკითხება,” – განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

de chirico attesaჯორჯო დე კირიკოს შემოქმედება კლასიკური წარსულით საზრდოობს და თანამედროვე ხელოვნების ახლებულ ენას ქმნის. ანტიკური სამყაროთი, რენესანსის ხელოვნებითა და გერმანული რომანტიზმით მოხიბლულმა მხატვარმა, სივრცის ახალი კონცეფციისა და უჩვეულო ტექნიკის გამოყენებით, საოცარი და სევდანარევი სამყარო შექმნა, რომელსაც იდუმალებით მოცული გზებით, უხილავი, თითქმის ეზოთერული რეალობისკენ მივყავართ.

გამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიური მხრიდან – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ქართული მხრიდან კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. გამოფენა, რომლის კურატორია ხელოვნებათმცოდნე მაურიციო ვანი, იმართება კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით. ეს ღონისძიება ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის ეპოქის გენიალური მხატვრების, ბერნინისა და ბაროკოს დიდოსტატების, თანამედროვე იტალიელი მხატვრების შედევრების, ასევე, კარავაჯოსა და ლეონარდო და ვინჩისადმი მიძღვნილ გამოფენათა სერიის გაგრძელებაა. ამ ღონისძიებებმა, რომლებიც იტალიის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა, დღემდე მნახველთა რეკორდული რაოდენობა, 120.000-მდე დამთვალიერებელი მიიზიდა.