ვინ უნდა გადაწყვიტოს უნდა გამათრახდეს თუ არა ირანში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ?!

291

გაამათრახებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეს ირანში – ეს ამჟამად ბულგარეთის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ირანი გ.ს.-ს ექსტრადირებას მოითხოვს, თუმცა ეს პროცესი შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რამდენიმე დღის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეაჩეროს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაკავებულის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ თუ ბულგარეთი მას ირანს გადასცემს, ამით ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს დაარჩვევს. ეს მუხლი წამების აკრძალვას გულისხმობს. „იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით 2017 წლის ივლისში სტრასბურგის სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ გ.ს-ს უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ისევე როგორც უცხოეთში მყოფი სხვა საქართველოს მოქალაქეებისა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა გამოეყენებინა იგივე მიდგომა, რაც ექსტრადირების საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს უკვე დადგენილი ჰქონდა პრაქტიკით; – აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა მომჩივნისა და საქართველოს მთავრობის პოზიცია“, – აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს მოქალაქე გ.ს. რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა ბულგარეთში 2016 წელს დააკავეს. მას ირანის საგამოძიებო ორგანოები ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან 50 000 ევროს მოპარვას ედავებიან. ექსტრადირების და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ირანში მოქმედი კანონით მას პატიმრობა, ასევე 74 როზგი ემუქრება.