მარიამ თაყნიაშვილის ხმა და გზავნილები ძალადობის წინააღმდეგ

498

 „100 ხმა ძალადობის წინააღმდეგ“ წარმოადგენს ფონდის -„სამართლიანობა და თანასწორობა“ პროექტს. მისი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და არსებული სტერეოტიპების დაძლევა, რომლებიც ძალადობასთან დაკავშირებითაა დამკვიდრებული. პროექტი აერთიანებს 100 ადამიანს, რომელიც თავის პროფესიაში წარმატებულია და თავის მოსაზრებას გააჟღერებს. “ 

დღეს წარმოგიდგენთ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მარიამ თაყნიაშვილის შეხედულებებს და შეფასებებს ძალადობის შესახებ.  

სამწუხაროდ ადამიანთა ჩაგვრა მსოფლიოში ძალიან მწვავე პრობლემაა. ადამიანთა ჩაგვრის ობიექტი, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები და ქალები არიან, მაგრამ როცა ადამიანთა ჩაგვრაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავივიწყოთ საზოგადოების ის ნაწილი, რომლებსაც უმცირესობა წარმოადგენს. ადამიანთა ჩაგვრა გამომდინარეობს არა მხოლოდ ძალადობით, არამედ განსხვავებული აზრის ან/და გარეგნობის გამო დისკრიმინაციით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედებით.

ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ბულინგის შემთხვევები, განსაკუთრებით სკოლის პერიოდში. ეს იმის ბრალია, რომ ბავშვებს შეუძლიათ, ზიანი ისე მიაყენონ სხვებს, თვითონაც ვერ მიხვდნენ. ეს ბავშვების ბრალი არცაა, ამიტომ არის საჭირო სკოლებში და საბავშვო ბაღებში კარგი ფსიქოლოგების არსებობა.

ფსიქოლოგიური ძალადობის აქტს რამოდენიმეჯერ შევსწრებივარ, რის შედეგადაც მწვავე დაპირისპირების შემთხვევებიც მქონია. საზოგადოებაში არსებობს წესები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ჩვენ ამ წესებს ტრადიციების სახით ვიცნობთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს წესები თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს. ხშირად ამ წესებს ეწირება თავისუფალი აზრი. რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, ვინც იძლევა მაგალითებს სიტუაციის გასათანამედროვებლად. თუმცა, ხშირად გამიგია რომ ე.წ. ტრადიციული ოჯახების გამომდინარე ქალს მუშაობის უფლებას არ აძლევენ, უკრძალავენ გარკვეული ტანისამოსის ჩაცმას და ა.შ. ამის ნიადაგზე არაა იშვიათი ოჯახებში ფიზიკური ძალადობაც, რაზეც თავად ქალების უმეტესობა თვალს ხუჭავს, რადგან ოჯახი არ დაენგრეს, ,,შვილების’’ გამო, ,,მეზობლები რას იტყვიან’’-ს გამო და ა.შ. სწორედ მსგავსი ქმედებები ოჯახში, ხშირად ბავშვზე უფრო ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე მშობლების განქორწინება, მაგრამ ამასაც სჭირდება ბავშვისთვის სწორად ახსნა. რაც შეეხება “მეზობლების” და “საზოგადოებრივი აზრის” ინსტიტუტს, ეს საკმაოდ ძლიერი ფენომენია ქართველ ხალხში, რასაც ხშირად ცუდ შედეგებამდე მივყავართ. ხშირად მსმენია ფრაზები: ,,ქალი ხარ და უნდა მოითმინო,’’ ,,კაცია და შეუძლია,’’ ,,ოჯახის გამო მუშაობას თავი უნდა დაანებო’’ და სხვა მრავალი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნორმალური არ არის და საზოგადოების ამ მანკიერი მხარის შესახებ ბევრს არ ესმის.

ოჯახში ძალადობა, როგროც „კერძო“ საქმე, უკვე სტერეოტიპად აღიქმება. ამ სტერეოტიპის დაძლევა შესაძლებელი გახდება მაშინ, როცა საზოგადოება ისწავლის, რომ ადამიანის უფლებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიღაც მეზობლების ან ნათესავების აზრი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სოციუმს და ამ სოციუმს ზოგჯერ ჩვენივე დახმარება სჭირდება. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა მესამე პირის ჩარევის წინააღმდეგი თვითონ ჩაგვრის ობიექტია, მაგრამ ესეც კი არ გვაძლევს უფლებას მივატოვოთ პიროვნება, ასეთ დროს უმჯობესია, სამართალდამცავების გამოძახება.

სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ხელშია ამ ქმედებების აღკვეთა. ბულინგი ხშირი შემთხვევაა მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც ბულინგის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ამისათვის საჭიროა, სწორი რეფორმების გატარება სკოლებში და საბავშვო ბაღებში, აუცილებლად უნდა იყვნენ ეს ინსტიტუტები კარგი ფსიქოლოგებით აღჭურვილნი, გაკვეთილების ჩატარების მეთოდზეც კი ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ.

ზოგჯერ მამაკაცების მიერ ქალის მდგომარეობის პრივილეგირებურად წარმოჩენის მცდელობაც კი დისკრიმინაციულია. თუნდაც ქალის სამსახურში არ გაშვებით, ,,ქალმა რატომ უნდა იმუშაოს, როცა კაცია ოჯახში შემომტანი’’, სხვათაშორის ამ “პრივილეგიით“, ბევრი ქალბატონი საკმაოდ კმაყოფილია. ზოგადად, დისკრიმინაციას თავი რომ ავარიდოთ, გარდა კანონმდებლობით უზრუნველყოფისა, ქალის მეტი აქტიურობაა საჭირო საზოგადოებაში. ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, საქართველოში მუდამ იყო მცდელობა ქალის და მამაკაცის თანაბარუფლებიანობის. ამის საუკეთესო მაგალითია თამარის გამეფება; საქართველოს პირველ პარლამენტში 1918 წელს ქალების არჩევა, მათ შორის მსოფლიოში პირველად მუსლიმი ქალბატონის.

ყოველი ქმედების უკან არსებობს ფონი, ეს არის ის კონკრეტული გარემო, რაც აქეზებს ადამიანს ამა თუ იმ ქმედების ჩადენისკენ, ეს შეიძლება იყოს ოჯახი, სამეგობრო წრე, ასევე ბავშვებში ეს შეიძლება იყოს კომპიუტერული თამაშები, ფილმები, მოკლედ ყველაფერი ის, რამაც შეიძლება ადამიანზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას ინდივიდუალურად სჭირდება მიდგომა, განსაკუთრებით კი პატარებს. მშობლებმა თავიანთ პატარებს გარკვეულ ასაკამდე მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. ხოლო სკოლაში და ბაღშიც ფსიქოლოგებმა მეტი უნდა იმუშაონ.

კარგია საქართველოც იმ ქვეყნების დონემდე ავიდეს, სადაც ადამიანის უფლებები არა ფურცელზე, არამედ, თვითშეგნებამდეა დაყვანილი. საამისოდ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი მსგავსი ორგანიზაციები და ცენტრები დაარსდეს, სადაც იქნება სარეაბილიტაციო ადგილი, როგორც ჩაგვრის ობიექტებისთვის, ასევე სუბიექტებისთვის, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის ყველანაირი ფორმა. მსგავსი ცენტრები უნდა განთავსდეს ყველა რაიონში, რათა უფრო კომფორტული გახდეს ამ ცენტრებთან თანამშრომლობა და შესაბამის პირს ქალაქგარეთ გასვლა არ მოუწიოს.