ვლადიმერ კონსტანტინიდმა ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზეზები განმარტა

436

ბარსელონაში დაკავებული ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კონკრეტულ დანაშაულში, შესაბამისი წესით ყველა იმ სასამართლო პროცედურას გაივლიან, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, ხოლო საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულებს აქვთ შესაძლებლობა, საერთაშორისო სტანდარტებითა და ევროპული კანონმდებლობით თავიანთი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცონ ან გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბარსელონაში სპეცოპერაციისას დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი მიიჩნევს, რომ ქართველების დაკავების საკითხი ორ ნაწილად უნდა დაიყოს, სერიოზულ და არასერიოზულ ნაწილად.

„იქ არის ძირითადად ორი კატეგორია. ერთი კატეგორია, რომელთაც ბრალი ედებათ კონკრეტულ დანაშაულში, ანუ ეჭვმიტანილები არიან, მეორე კატეგორია არის, რომლებიც ადგილობრივ კანონმდებლობას არღვევენ. მათ დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი და უკანონოდ იმყოფებიან ესპანეთის ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით ჩატარდება გამოძიება და დარწმუნებული ვართ, უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი არასერიოზულს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ბარსელონაში ქართველების დაკავების სპეცოპერაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტის შემდეგ დაიგეგმა.

„ამ პასაჟის გავრცელება არასერიოზულია. ძალიან გთხოვთ, კომიკურ ჟანრში ნუ გადავიტანთ საკმაოდ სერიოზულ საკითხს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ჩართული არის, ინფორმირებულია ყველა დეტალზე. სანამ სპეცოპერაცია დაიწყებოდა, ჩვენი კონსული არაერთხელ იყო მისული აღნიშნულ მოქალაქეებთან სხვადასხვა ლოკაციაზე. ეს მხოლოდ კონკრეტულ ადგილს არ ეხება. აუხსნა მათ არსებული ვითარება, კონსულტაცია გაიარა მოქალაქეებთან, მიიღო მათი მხრიდან ინფორმაცია. იცით, რომ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სავიზო რეჟიმის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სავიზო რეჟიმი მოქალაქემ უნდა დაარღვიოს. არაინფორმირებულობასთან საქმე არ გვაქვს. იქ არიან ასევე ადამიანები, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. ჩვენმა საკონსულომ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ადამიანები გაფრთხილებული ყოფილიყვნენ სავიზო რეჟიმის დარღვევის შესაძლო შედეგებზე. კონსული ახლაც კი ჩართულია, მუშაობს აქტიურად, რადგან მისთვის პირველი პრიორიტეტი არის დაკავებული ადამიანები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევათ საქართველოს 25 მოქალაქეს, რომელთაც ბრალად ედებათ საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ასევე საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულ 41 მოქალაქეს, კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილები შესაბამისი წესით გაივლიან ყველა იმ სასამართლო პროცედურას, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, ხოლო საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულებს აქვთ შესაძლებლობა, საერთაშორისო სტანდარტებითა და ევროპული კანონმდებლობით თავიანთი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცონ ან გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება.

კონსტანდინიდის თქმით, სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის საქართველოს 41 მოქალაქე დააკავეს, ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი სკოლის შენობაში განხორციელდა. მისი თქმით, ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ მათთვის შენობა ერთადერთი თავშესაფარი იყო.

„საცხოვრებელი რომ ჰქონოდათ ამ შენობაში არ მივიდოდნენ“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლება, რომ ამ ფაქტმა უვიზო მიმოსვლის საკითხს საფრთხე შეუქმნას, კონსტანტინიდი პასუხობს:

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან ერთად მივიღეთ ისტორიული პრივილეგია და ამ პრივილეგიას თან მოჰყვება პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ყოველი ასეთი ფაქტი დადებითად არ აისახება საერთოდ ამ კონკრეტულ საკითხზე.