მიმდინარეობს მოლაპარაკებები ემიგრანტებს არ მოუწიოთ ამანათების გაგზავნაში დამატებითი ხარჯების გაღება- საქველმოქმედო ფონდის ‘’ემიგრანტი დედები საქართველოს მომავლისათვის’’ განცხადება

496
საქველომოქმედო ფონდი ‘’ემიგრანტი დედები საქართველოს მომავლისათვის’’ საზოგადოებას განცხადებით მიმართავს , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,, არავისთვისაა უცხო ის ძალიან რთული პერიოდი საქართველოში, როცა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იძულებით ემიგრაციაში წავიდა, რათა საკუთარი ოჯახები და შვილები ერჩინა და მათთვის ელემენტარული პირობები შეექმნა, განათლება მიეცა, უბრალოდ გადაერჩინა. ჩვენ ძალიან შორს ვდგევართ იმ აზრისგან, რომ ვიღაცას დავაყვედროთ, ან ვუსაყვედუროთ ჩვენი არჩევანი _ ეს იყო ჩვენი, პირადი არჩევანი და მადლობა ღმერთს, რომ იმ ძნელბედობის ჟამს ღმერთმა, ძირითადად, ქართველ ქალებს, დედებს ეს გზა გამოგვიჩინა. ჩვენ წლების განმავლობაში, დიდი შრომით და ჯაფით, ცრემლით თუ სისხლითაც კი, ჩვენი წილი გოლგოთა გავიარეთ, გზა რომელიც, საყვარელი ადამიანების, შვილების, დედების და ჩვენი საყვარელი სამშობლოს მონატრებაზე გადიოდა. გარედან როგორ ლამაზადაც არ უნდა ჩანდეს ემიგრანტის ‘’აწყობილი’’ ცხოვრება, მის უკან არის გაუსაძლისი ტკივილი და ბევრი უთქმელი დარდი, რომელიც მხოლოდ მან და ღმერთმა იციან. ბევრჯერ, ცრემლებს იწმენდენ კომპიუტერის მონიტორთან და ნაძალადევი ღიმილით ესალმებიან თავიან მონატრებულ ოჯახის წევრებს. დიახ, არაა ემიგრანტობა ადვილი ხვედრი…ურთულესი და ძალიან მტკივნეული გზაა და იქიდან, სადაც ხარ, შენი სამშობლოდან და ხალხისგან შორს, კიდევ უფრო გეძვირფასება შენი ქვეყანა და შენი მიწა-წყალი, სადაც გაიზარდე, ადამიანად შედექი, სადაც შენი წინაპრების და საყვარელი ადამიანების საფლავებია. ალბათ, აქ, ემიგრაციაში მყოფი დედები უფრო მძაფრად განვიცდით საქართველოში ყველა მშიერი, ყველა უძლურებაში მყოფი ბავშვის მდგომარეობას, რასაც ყოველდღიურად ვეცნობით მასმედიით თუ სოციალური ქსელის საშუალებებით. იქნებ მავანმა ისიც იფიქროს, თავისი შვილი ხომ ყავს დაპურებული, სხვა რაში ადარდებსო… უმალ ხელისუფლებისკენ გაიშვერენ ხელს_ მთავრობამ მიხედოსო მაგრამ, ერთი რამ ყველას გვავიწყდება _ ჩვენ ყველანი ერთად აღებული ვართ სახელმწიფო! და როცა შენს გვერდით მყოფ ბავშვს შია, ყინვასა და ქარში გარეთ დაეძებს საზრდოს, წამალი არ აქვს, შენ როგორც მოქალაქე, საზოგადოების წევრი, როგორც დედა, ამ დროს რას აკეთებ? თუ მხოლოდ იმით ხარ კმაყოფილი, რომ საკუთარი გყავს კარგად, დაპურებული, თბილად? არაა ეს სწორი! ჩვენ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, პირველ რიგში, ერთმანეთზე და მერე ჩვენს ქვეყანაზე, სახელმწიფოზე.
 მაცხოვარი ჩვენი იესო ბრძანებს:’’ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი, ქრისტესიო’’… არაფერია ადამიანის ცხოვრება სიკეთის, თანადგომის, მოყვასის ტკივილის გაზიარების გარეშე და სწორედ ასე ვფიქრობთ ის ემიგრანტები, რომელთაც გადავწყვიტეთ, შეჭირვებული ბავშვების დასახმარებლად, ჩვენი გამომუშავებული თანხებიდან მცირეოდენი წილი გავიღოთ და შევეხიდოთ ჩვენს სამშობლოში გაჭირვებაში მყოფ ბავშვებს, რომ მათ აღარ შიოდეთ, არ სჭირდებოდეთ ყინვასა და ქარში გარეთ დგომა, შიმშილმა და გაჭირვებამ არ აქციოს ისინი დამნაშავეებად.. ჩვენ, ემიგრანტმა დედებმა, ერთმანეთი ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ, სიკეთის ირგვლივ გავერთიანდეთ,ამიტომაც დავარქვით ჩვენს ფონდს’’ემიგრანტი დედები საქართველოს მომავლისათვის’’. წინასწარ ძნელია იმის თქმა, რამდენ ბავშვს გავუწვდით ხელს, რამდენს მივანიჭებთ სიხარულს, მაგრამ მჯერა, საზოგადოების ფართო ფენები, ემიგრანტები, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობისა, შემოგვიერთდებიან ამ კეთილშობილურ საქმეში და ერთად ბევრს შევძლებთ!
  ჩვენი შვილები ჩვენი ქვეყნის მომავალია და მათ დღეს სჭირდებათ ჩვენი თანადგომა რადგან, გვჯერა რომ ჯანსაღი თაობა, ჯანსაღ სახელმწიფოს ააშენებს..
ჩვენი ფონდი ძირითადად დაეხმარება:
1.საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებ, მრავალშვილიან, შეჭირვებულ ოჯახების შვილები; (12 წლამდე)
2.სოციალურად დაუცველი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის თანადაფინანსება; (16 წლამდე ასაკამდე)
3.ომისა და სამხედრო ძალების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ვეტერანების შვილების დახმარება; (12 წლამდე)
  ასევე, ვფიქრობთ, რომ დახმარების ხელი გავუწოდოთ იმ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც მცირე, ოჯახური ბიზნესის წამოსაწყებად ხელის შეშველება სჭირდებათ.ვფიქრობთ, გადავცეთ საწყისი თანხა, რათა თავად შესძლონ ამ ოჯახებმა ამ ბავშვების გამოკვება შემდგომში, მივიჩნევთ რომ მხოლოდ ერთჯერადი დახმარება,პროდუქტებით თუ სხვა საშუალებებით, ძირითად პრობლემას ვერ აღმოფხვრის… ჩვენი ემიგრანტი დედების დევიზია: უკვე სიტყვა საქმედ ვაქციოთ..ჩვენი ფონდის თითოეული ნაბიჯის შესახებ გვინდა რომ, საზოგადოებას მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაცია ჰქონდეს და რა თქმა უნდა, ამაში ტელევიზიების, მასმედიის საშუალებების მხარდაჭერის იმედი გვაქვს’ რამეთუ, ასეთ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასმედიის გვერდით დგომას და მხარდაჭერას, რათა ერთად, ყველამ ერთიანი ძალისხმევით გავულამაზოთ ჩვენს ბავშვებს სიცოცხლე და სიხარული მივანიჭოთ მათ. ყველას დიდი მადლობა მინდა, გადავუხადოთ ამ წამოწყების ინიციატორებმა _ყველა იმ ადამიანებს ვისაც სურვილი აქვს ამ პატარებს დაეხმარონ, რათა მათ არ იცხოვრონ გაჭრვებაში და გაუფერადოთ ცხოვრება.. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლით თქვენი მცირედით უდიდესი დახმარება გაუწიოთ მათ და თუნდაც 1 ევროთი მათ ურთულესი პრობლემა გადაუჭრათ..ფონდი გაიხსნა საქართველოში და თითოეული თეთრი იქნება მიმართული ამ ბავშვების მიმართ. შევიყვაროთ ისინი საკუთარი შვილებივით და დავტკბეთ მათ ყოველდღიური ბედნიერებით, რომლის მიზეზიც ჩვენ დონორი დედები ვიქნებით ამ ბავშვებითვის… სიკეთე გადამდებია…უფალმა გაგაძლიეროთ და გაკეთებინოთ ბევრი სიკეთე ჩვენო გმირო ემიგრანტებო. 
P.S. ამავდროულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართულ ფოსტასთან რათა სურვილის შემთხვევაში ემიგრანტებს ქონდეთ საშუალება ამანათები (თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, არაფუჭებადი პროდუქტები) გადაუგზავნონ ბავშვებს უფასოდ.. და ემიგრანტებს არ მოუწიოთ ამანათების გაგზავნაში დამატებითი ხარჯების გაღება.” – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.