ვინ დაიკავებს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის ვაკანტურ ადგილს? – რატი ბრეგაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

338

12 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრის მოადგილედ დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი რატი ბრეგაძე დაინიშნა.

რატი ბრეგაძე 2017 წლიდან 2019 წლის 12 სექტემბრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.მანამდე კი 2016  წლიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.   2015-2016 წლებში მუშაობდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე,ხოლო 2012 წლიდან 2015 წლამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ამავე პერიოდში კერძოდ 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს.

რატი ბრეგაძის სახელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისას არაერთი ახალი ინიციატივის განხორციელება უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო და ხორციელება პროექტი „გახდი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელიც ამ ეტაპისთვის 15 ქვეყანას მოიცავს.

 2019 წელს  საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის პირველად მომზადდა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა – საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხების გაერთიანებული სწავლების კურსი.

მიმდინარე წლის მაისში მისი ინიციატივითვე გამოცხადდა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა, რომელიც სახელმწიფო საგრანტო პროგრამას  წარმოადგენს სახელწოდებით „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, რატი ბრეგაძის დიასპორის საკითხებში კურატორობის პერიოდში შექმნა ასევე პორტალი http://gda.ge/ – სადაც სრული საინფრმაციო ცნობარებია მოცემული ქართული დიასპორის შესახებ. 

რატი ბრეგაძის სახელთან არის ასევე დაკავშირებული ის ფაქტიც რომ  პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერირომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. 

ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ორი სამმართველოა : თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების და დიასპორული პროგრამების,ხოლო დეპარტამენტის დირექტორს ბოლო პერიოდამდე ერთი მოადგილე ყავდა.

ამ ეტაპზე საჯაროდ ცნობილი არაა თუ ვინ დაიკავებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის ვაკანტურ ადგილს.