მიხეილ სააკაშვილმა მიგრაციის შესახებ საკუთარი ხედვა ვიდეო მიმართვით დააფიქსირა

2056

– რაც შეეხება მიგრაციას, როდესაც იძახიან, რომ სააკაშვილმა საქართველოში შემოიყვანა უცხოელები, თურქები და ა.შ. ჩვენ ვაძლევდით საქართველოს მოქალაქეობას თურქეთის ქართველ მოქალაქეებს და თურქეთის მთავრობა ძალიან ნერვიულობდა მაშინ ამაზე, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს არ გამეკეთებინა. იმიტომ რომ, ეს იყო ხალხი, ვინც ლაპარაკობს ქართულად, უყვარს საქართველო, აბანდებს ფულს საქართველოში და არის ჩვენი ლობი, მათ შორის თურქეთის ტერიტორიაზე. ახლა შემოდის სულ სხვა ხალხი. ახლა შემოდის ხალხი, რომელმაც არც ერთი სიტყვა ქართული არ იცის, რომელიც არც ერთ წარწერას ქართულად არ აკეთებს, რომელიც არ იცნობს ადგილობრივ ტრადიციებს და არც სცემს მათ პატივს. ერთი სიტყვით, მასობრივად გადიან საქართველოდან ქართველები. 

ჩემი პრეზიდენტობის დროს, თითქმის ყველა წელიწადს, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა. ახლა 750 ათასი ადამიანით შემცირდა ქართველების რაოდენობა ბოლო 6 წლის განმავლობაში. საერთოდ უკონტროლოდ წავიდა მიგრაცია. ჩემთვის სრულიად უცხოა ყველანაირი ქსენოფობია. მე არ მივიღებ ხალხის დისკრიმინაციას ეროვნების, ეთნიკურობის თუ ენობრივი ნიშნის მიხედვით. ამავე დროს საქართველოს სჭირდება მკაცრი წესები და ისეთივე წესები, მაგალითად, როგორიც აქვს შვეიცარიას, როგორიც სულ უფრო მეტად შემოდის მაგალითად, აქ, ნიდერლანდებში და ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველომ უნდა სცეს პატივი საკუთარ საზღვრებს. რა თქმა უნდა, ყველანაირად უნდა დავიცვათ ყველას უფლებები, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოს არ ტოვებდნენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველები. ამიტომ მე ვთხოვე ჩვენ ფრაქციას პარლამენტში, შეიტანონ კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ხმები გვაქვს, მაგრამ სულ მალე ეს პარლამენტი შეიცვლება და კანონპროექტი უნდა იდოს – საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ. ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა და სწრაფი ეროვნული განვითარება და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.”- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჰოლანდიიდან გაკეთებული ვიდეო მიმართვისას.