სალომე სალაძის – ხმა და გზავნილები ძალადობის წინააღმდეგ

172

„100 ხმა ძალადობის წინააღმდეგ“ წარმოადგენს ფონდის -„სამართლიანობა და თანასწორობა“ პროექტს. მისი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და არსებული სტერეოტიპების დაძლევა, რომლებიც ძალადობასთან დაკავშირებითაა დამკვიდრებული. პროექტი აერთიანებს 100 ადამიანს, რომელიც თავის პროფესიაში წარმატებულია და თავის მოსაზრებას გააჟღერებს. “ 

დღეს წარმოგიდგენთ  ვენის უნივერსიტეტის მაგისტრანტის, ავსტრიის წითელი ჯვრის ინტეგრაციის ელჩის და ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელის სალომე სალაძის შეხედულებებს და შეფასებებს ძალადობის შესახებ.  

  სალომე სალაძე:  ,,არსებობს ადამიანთა უფლებების ძირითადი პრინციპი, რომ ყველა ადამიანი, მიუხედავად მათი გარეგანი თუ შინაგანი მახასიათებლისა კანონის წინაშე თანასწორია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამ დებულებას არ ეთანხმებით და მიგაჩნიათ, რომ სექსუალური, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე მაღლა დგახართ, მათ მიმართ სიძულვილს გრძნობთ, მით უმეტეს, თუ ამ სიძულვილს გამოხატავთ, ანუ, რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს ნაკლები პატივისცემით ეპყრობით, ვიდრე სხვას – თქვენ ახდენთ მათ დისკრიმინაციას, პირდაპირი თუ ირიბი გზით.

საქართველოში ყველაზე ხშირად ჩემი სქესის გამო მიგრძვნია თავი დისკრიმინაციის მსხვერპლად. ალბათ, იმის გამო, რომ ჩვენი საზოგადოება ამ დრომდე პატრიარქალურია, რომელშიც ქალებს და კაცებს უკვე განაწილებული გენდერული როლები გვაქვს – კაცი ძლიერია – ქალი სუსტი, ქალის ბუნებრივი სოციალური ფუნქცია და დანიშნულება დედობაა – კაცი კი ოჯახის ფინანსურად უზრუნველმყოფელია. ბუნებრივია, დროის გასვლასთან და განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, მსგავსი მიდგომა მცირდება, თუმცა არსებობს კონკრეტული საზოგადოებრივი სტერეოტიპები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში დღემდე ღრმად არის ფესვგადგმული.

ასევე, მიფიქრია იმაზე, რომ ბევრად უფრო დიდი იქნებოდა შანსი ჩემი დისკრიმინაციისა, თუ ქართულ საზოგადოებაში ვიცხოვრებდი და ამავდროულად ვიქნებოდი სექსუალური, ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი. (ამ აზრს მიმყარებს ჩემი ძალიან ბევრი ნაცნობის/მეგობრის გამოცდილება, რომლებიც უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფს ეკუთვნიან).

დისკრიმინაციული ქცევის უკიდურესი გამოვლინება ფიზიკური ძალადობაა. ჩვენს ქვეყანაში, ოჯახში ქალთა მიმართ ამ სახის ქმედება კი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. საქართველოში მისმა კრიმინალიზაციამ და ამ პრობლემისადმი ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართულმა სხვადასხვა სახის აქტივობამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსგავს შემთხვევებში, ქალების მიმართვიანობა შესაბამისი სტრუქტურებისადმი საგრძნობლად გაიზარდა – სულ უფრო და უფრო მეტი ქალი იმაღლებს ხმას მის მიმართ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი მაინც უმცირესობას წარმოადგენენ. შეიძლება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყოს, რომ ჩვენ ვერ ვეხმარებით მათ სათანადოდ, იყონ მეტად გამბედავები, რადგან ჩვენში ფართოდაა გავრცელებული არასწორი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ოჯახური კონფლიქტები, ან ოჯახში ქალზე ძალადობა აღიქმება მსხვერპლის და მოძალადის პირად საქმედ, სადაც საზოგადოებას არ აქვს უფლება ჩარევისა!

ჩემთვის, ყველაზე მეტად დამთრგუნველია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების, ხშირ შემთხვევაში ისევ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების რეაქცია, როცა მოძალადის გასამართლებლად, მსხვერპლის მიმართ იყენებენ ფრაზებს: „ალბათ, იმსახურებდა“, „ქმარი დამნაშავეა, მაგრამ…“ არ არსებობს არანაირი „მაგრამ“, როცა საქმე ეხება ქალთა მიმართ ძალადობას. მსგავს ქმედებას არ აქვს არანაირი გამართლება! ამასთანავე, ძალადობა, რომელიც ხდება ოჯახში, არ ეხება მხოლოდ ოჯახს და თითოეული ჩვენგანი ვართ ვალდებული, ხელი შევუწყოთ მის აღკვეთას!

ავსტრიაში – ქვეყანაში, სადაც ამჟამად ვცხოვრობ – ამ კუთხით საბავშვო ბაღიდანვე იწყება ბავშვების ინფორმირება. მათ პატარაობიდანვე ასწავლიან პოლიციის ნომერს, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკონ. უფრო მეტიც, სისტემატურად ეკითხებიან, ოჯახის რომელიმე წევრი მასზე, ან ოჯახის სხვა წევრებზე ხომ არ ძალადობს სიტყვიერად ან ფიზიკურად.

ხშირად, ადამიანი, მოძალადე ხდება, თუ ბავშვობის ასაკში თავადაც დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. ასევე, შესაძლებელია ის, რომ სკოლის ასაკში მის მიმართ ვლინდებოდა ბულინგის ფაქტები, რამაც შემდეგ თავადაც მოძალადედ აქცია.

ბულინგი სასკოლო ასაკის ბავშვებში საკმაოდ მწვავე პრობლემაა. ჩემი მოსწავლეობის დროსაც, ფიზიკური სიძლიერის თუ სისუსტის, წონის, გონებრივი თუ ფინანსური შესაძლებლობების გამო მოსწავლეებს აკერებდნენ ე.წ. იარლიყებს, მაგრამ ეს წლების წინ, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მაშინ არც ბულინგის შესახებ გვქონდა ინფორმაცია. ეს არის ძალიან მწვავე პრობლემა, რომელსაც საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ბავშვი, რომელიც იჩაგრება, ყალიბდება პოტენციურ მჩაგვრელად!

ამ კუთხით საინტერესოა ევროპული გამოცდილების გაზიარება. ისევ ავსტრიას მოვიყვან მაგალითად, სადაც ბულინგის გახშირებული შემთხვევების გამო, სპეციალური კვლევების საფუძველზე სამსაფეხურიანი სისტემა შექმნეს, როდესაც სკოლის, კლასის ან ინდივიდუალურ დონეზე ხდება ბულინგის მოსალოდნელ რისკებზე და შედეგებზე რეაგირება. ამ თემატიკაზე მზადდება პროექტები, იმართება დისკუსიები, სკოლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ტიპის ანტი-მობინგ კამპანიაში, გაორმაგებულად ექცევათ ბავშვებს ყურადღება გაკვეთილებს შორის დასვენების დროს, პროცესში ასევე ჩართულნი არიან სკოლის ფსიქოლოგი, მშობლები, განათლების სამინისტრო და თავად ბავშვები. რამდენიმე ათეული ორგანიზაცია არსებობს ავსტრიაში, რომელსაც შესაძლებელია მობინგის მსხვერპლი დაუკავშირდეს. უფრო მეტიც, შეიქმნა სპეციალური ონლაინ პროგრამა მოსწავლეებისთვის, რომელიც პირდაპირი, ირიბი ან კიბერ მობინგის დროს ჩაგვრის ობიექტს დახმარებას სთავაზობს.

ბევრი თეორია არსებობს ძალადობასთან დაკავშირებით, თუმცა, მგონია, რომ ძალადობა ეს არის ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ძალაუფლების და კონტროლის განხორციელების/დემონსტრირების გზა და ვფიქრობ, არ არსებობს იმაზე დიდი სისუსტე, ამ ფორმით ამტკიცო საკუთარი ძლიერება!

მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში ქალთა ძალადობის აღკვეთაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგან, ხშირად, დამცავი თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიუხედავად, მაინც ვაწყდებით ძალადობის ფაქტებს, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში სავალალოდ – ფემიციდით სრულდება. ასევე, არ უნდა ვიყოთ ზედაპირულნი და შეძლებისდაგავარად უნდა ვეცადოთ პრობლემის ძირეულად აღმოფხვრას, რომელიც ხშირ შემთხვევაში, აღზრდასთან ერთად სხვადასხვა სახის ეკონომიკურ, სოციალურ თუ ფინანსურ პრობლემებთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება რათა ერთობლივი ძალებით შევძლოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ ქართულ საზოგადოებაში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას”.