ვინ შეძლებს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქციით სარგებლობას

7672

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდება ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 1 მაისამდე გაგრძელდება.
 აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
აქციის ფარგლებში, ისინი სრულიად უფასოდ შეცვლიან ძველ, უვადო დოკუმენტს ელექტრონული პირადობის მოწმობით და მასთან ერთად, ასევე, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს. 
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული სტანდარტის შესაბამისი დოკუმენტებია.
დღევანდელი მონაცემებით, აქტიურ, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობს.
აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
აქციის ფარგლებში, დოკუმენტის მიღებისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.
ბოლო აქციით, რომელიც იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და იმ მოქალაქეებს შეეხებოდა, რომლებიც ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას ფლობდნენ, 93 620-მა მოქალაქემ ისარგებლა და ძველი დოკუმენტი ახალი ელექტრონული მოწმობით შეცვალა.
2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელს“.
საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.