პარლამენტში საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და გიგა ბოკერიას შორის ინციდენტი საფრანგეთში ელჩის საკითხზე მოხდა

153

14 მარტს დავით ზალკალიანმა დეპუტატებს საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააცნო 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია.

დეპუტატებთან შეხვედრის დროს რადიო თავისუფლების ინფორმაციით საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და გიგა ბოკერიას შორის ინციდენტი საფრანგეთში ელჩის საკითხზე მოხდა.

„თქვენ ძალიან ბევრი ილაპარაკეთ წარმოდგენილ დოკუმენტში საფრანგეთთან ურთიერთობაზე. ხომ ვერ მეტყოდით ვინ არის საფრანგეთში საქართველოს ელჩი? – ჰკითხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში მისულ საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს.

„ელჩი არ გვყავს, დიდი ხანია, მაგრამ ჩვენ გვსურდა, რომ იქ გვყოლოდა ძალიან კვალიფიციური კანდიდატი. ხდება ხოლმე“, – უპასუხა ზალკალიანმა ბოკერიას.

ბოკერიას განცხადებით, დოკუმენტში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს წარუდგინა, წერია, რომ საქართველოს მთავრობა კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე აპირებს ფოკუსირებას:

„საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და მანდ რას აპირებთ?“ – იკითხა გიგა ბოკერიამ.

“დავნიშნავთ”, – უპასუხა ზალკალიანმა.