სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

469

 საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც უახლოესი დღეების განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსთან. ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან,

ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.

 დაგეგმილ მაღალი რანგის შეხვედრებამდე, პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებს შეხვდა, სადაც სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბელგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლსა და მისიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ – საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ასევე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის განვითარების საქმეში.