დღეიდან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნა შეუძლიათ

7391

 დღეიდან, მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველებს უფლება აქვთ ერთი წლის განმავლობაში (!!!) მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.-  აცხადებს საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე.

როგორც იცით „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი ამოქმედდა და საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს დღეიდან საშუალება ექნებათ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ.

პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ინიციატივის მომზადება კი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები ხდება.

კანონით სიახლე – დროებითი უფლება დაინერგა, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს. კანონის მიხედვით, პირს მოქალაქეობა აღუდგება, თუ რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მათ შორის: დადგენილ ფარგლებში უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას, ასევე თუ არ მიმდინარეობს მისი ძებნა ან მის მიმართ არ ხორციელდება საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურები.

ამასთან, კანონით კონკრეტდება, რომ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა მის არასრულწლოვან შვილსაც მიენიჭება.