ყოველთვის გვიგულეთ საქართველოს გვერდით – საბერძნეთის პრეზიდენტის გზავნილი საქართველოს.

0
3084

საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოპიოს პავლოპულოსმა საქართველოს პრეზიდენტტის მასპინძლობისას საჯაროდ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და განაცხადა რომ “საბერძნეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ორ ძირითად ღერძზეა დამყარებული: პირველი- ეს არის ჩვენი ძლიერი და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისადმი, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების არსებობა ევროპულ სივრცესთან. მეორე კი, ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრისათვის, ისევე როგორც ამას გაეროს მოთხოვნები ითვალისწინებს.
ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვეფუძნებით ევროპის სამართალსა და საერთაშორისო სამართლით მიღებულ წესებს და კანონებს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის შიდა ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვეფუძნებით საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით ვაწარმოებთ ჩვენს ურთიერთობას გარეშე ქვეყნებთან.
ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემები არსებობს, მაგრამ ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ როდესაც ასეთი საკითხი დადგება, საბერძნეთი ყოველთვის იქნება თქვენი მხარდამჭერი საერთაშორისო სამართლის პირობების დაცვის შემთხვევაში არსებული საკითხების გადაწყვეტისას“ – აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა და განსაკუთრებით გავუსვა ხაზი საქართველოს პრეზიდენტის წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარების საქმეში.
“ეს მხარდაჭერა გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც თქვენ იყავით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოში. იმ დროიდან თქვენ მხარს უჭერდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ამ ინსტიტუტის მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას და გაძლიერებას“ – აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა.