დევნილთა სამინისტრო უცხოეთიდან გამოძევებულ მოქალაქეებს დაეხმარება

0
6098

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის ფარგლებში სამშობლოში დაბრუნებულ არალეგალ მიგრანტთა რიცხვი იზრდება. ამიტომ სამინისტრო საქართველოში გამოძევებულ მოქალაქეებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

კერძოდ, 2015 წელს რეადმისირებულია 1 265 მოქალაქე, 2016 წელს – 1 600, ხოლო 2017 წელს – 2 102. სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში მათ საშუალება აქვთ, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში“ ჩაერთონ.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, პროგრამა 2011 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან ერთად გააქტიურდა და მაშინ ევროკავშირის მხრიდან ფინანსდებოდა, თუმცა 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მისივე თქმით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა“ წარმატებით ხორციელდება და პროგრამით მოსარგებლე პირები ემიგრაციაში აღარ მიდიან. პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთის 4 000 ლარი არის გამოყოფილი, რაც შეიძლება მოხმარდეს როგორც ჯანდაცვის კუთხით დაფინანსებას, ისე საშემოსავლო პროექტებს.

პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, სოციალური პროექტების დაფინანსება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისდა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა, საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა; სახელმწიფო პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროგრამის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ინფორმირების მიზნით მზადდება საინფორმაციო მასალა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისის შესახებ.

22 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს მატრიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს  imedi.ge