როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოში

0
1963

ქართულად : ქრისტე აღსდგა ! – ჭეშმარიტად აღსდგა !

აღდგომა ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავდება ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციებიც.

საქართველოში აღდგომისთვის მზადება ერთი კვირით ადრე იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სხვადასხვა ტრადიცია აქვს, ამ დღესთან დაკავშირებით, მათ აერთიანებთ სააღდგომო სუფრის გაშლის წესი, რომლის აუცილებელი ატრიბუტებია სააღდგომო წითელი კვერცხები და პასკა. კვერცხს წითლად ვნების პარასკევს ღებავენ, რაც ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს განასახიერებს. რაც შეეხება პასკას, იგი მაცხოვრის აღდგომის რწმენას განასახიერებს. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს.

ბერძნულად: Χριστός ἀνέστη! Ἀληθῶς ἀνέστη!

საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, ამიტომ აქ დაახლოებით ისეთივე

ტრადიციებია, როგორიც საქართველოში. სააღდგომო კვერცხებს ღებავენ და შაბათ საღამომდე ინახავენ. მორწმუნეები აღდგომის წინა საღამოს ტაძარში ლოცვაზე ანთებული თეთრი სანთლებით მიდიან, შუაღამეს სანთლებს ყველა აქრობს. ანთებული სანთლები ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

ბერძენთა სააღდგომო სუფრა ბუნებაში იმართება. აქ აუცილებლად იხსენება რეცინა ანუ წინა წლის მოსავლის პირველი ღვინო და წვავენ პატარა ბატკნებს. განსაკუთრებულ მხიარულ გარემოს ქმნის ბერძნული სიმღერები და ცეკვა, რომელიც დილამდე გრძელდება. აღდგომა აქ მთელი კვირის განმავლობაში აღინიშნება და ამ პერიოდში ყველა ისვენებს.

 

გერმანულად: Christus ist auferstanden! Er ist wahrhaftig auferstanden!

გერმანიაში თავდაპირველად ძველი გერმანელები ამ დღეს გაზაფხულის ბუნიაობას აღნიშნავდნენ და გაზაფხულისა და ნაყოფიერების ქალღმერთს ადიდებდნენ. მოგვიანებით ეს წარმართული ტრადიცია ქრისტეს აღდგომასთან გაერთიანდა.ისინი აღდგომის კვირამდე, შაბათს სააღდგომო კოცონს ანთებენ, ეს სიმბოლურად ყველა უარყოფითი ენერგიისა და გრძნობის მოშორებად ითვლება. კვერცხს ადრე სიცოცხლისა და ნაყოფიერების მნიშვნელობა თუ ჰქონდა, ახლა ახალი სიცოცხლისა და ახალი აღთქმის სიმბოლოდ იქცა. აქ კვერცხებს ძირითადად წითლად ღებავენ. გერმანული აღდგომის ტრადიციული პერსონაჟი კურდღელია, რომელიც ძველგერმანულ კულტს უკავშირდება და ხალხური თქმულების მიხედვით, საარდგომო კვერცხები მოაქვს.

ინგლისურად : Christ is Risen! Truly He is Risen! ან Christ is Risen! He is Risen indeed!

ინგლისში აღდგომა ერთ-ერთ მნიშვნელოვანი დღეა, ნამდვილი შოკოლადის დღესასწაული, მხიარული და სახალისო. ტაძრებში მზის ამოსვლისას მიმდინარეობს ღვთისმსახურება. ტარდება ორღანზე შესრულებული კონცერტები.აღდგომას ყველა ახალი ტანსაცმლის ჩაცმას ცდილობს, ვინაიდან სიმბოლურად ცუდი ამინდის სეზონის დასრულებასა და გაზაფხულის დადგომას აღნიშნავს.აცხობენ ჯვრის ფორმიან სააღდგომო ფუნთუშებს, ღებავენ კვერცხებს ან ამზადებენ მას შოკოლადისგან. ისინი მართავენ კვერცხის ძებნაში შეჯიბრებებს, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ.

აშშ-ში აღდგომა დღეს ტრადიციის მიხედვით დაქანებულ გაზონზე აგორებენ კვერცხებს, ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ვინც უფრო შორს გააგორებს კვერცხს გამარჯვებულიც ის არის. ბოსტონში აღდგომის მოსვლასთან ერთად დახლებზე მოსე წინასწარმეტყველისა და იესო ქრისტეს მოლაპარაკე თოჯინები ჩნდებიან. ეს იდეა ერთ-ერთ ოჯახურ წყვილს გაუჩნდა, რომლებიც შვილს ბიბლიას ასწავლიდნენ.

ამ დღეს ტრადიციის მიხედვით, პრეზიდენტმა ბავშვებს თეთრ სახლში უნდა უმასპინძლოს და საარდგომო კვერცხები მისცეს.

ფრანფულად : Le Christ est ressuscité! Il est vraiment ressuscité!

საფრანგეთში ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით ზარებს არ რეკავენ. სიმბოლურად ეს იესოს წამებისა და სიკვდილის მწუხარების გამოხატულებაა. როგორც კი დაიწყება ზარების რეკვა ერთმანეთს ულოცავენ ქრისტეს აღდგომას, შემდეგ კი ტრადიციულად ერთმანეთს შეღებილ კვერცხებს ჩუქნიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან გატეხვაში. აქ ძირითადად წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებში იღებება კვერცხი. ისინი შოკოლადის კვერცხებსაც ამზადებენ და ბავშვებს უმალავენ საპოვნელად.

იტალიურად : Cristo è risorto! È veramente risorto!

იტალიაში აცხობენ სააღდგომო ტორტს, მარილიან ღვეზელს ისპანახითა და მოხარშული კვერცხებით, რომელსაც ეკლესიის გუმბათის ფორმა აქვს. ასევე იტალიურ კულიჩს, პანეტონეს, რომელსაც ქიშმიშითა და ნუშით რთავენ. ისინი ვნების პარასკევს ქუჩაში ჯვრებითა და სანთლებით ხელში აწყობენ მსვლელობას ვატიკანიდან კოლიზეუმამდე და ერთმანეთს გზას უნათებენ.

რომანულად: Hristos a înviat! Adevărat a înviat!

რუმინეთში დიდი ხუთშაბათიდან დასვენებაა და მზადება იწყება აღდგომის დღესასწაულისთვის. აცხობენ კულიჩებს, ღებავენ კვერცხებს. პასკას ჯვრით რთავენ და ნაწნავის ფორმას აძლევენ. ჯვრის ოთხივე მხარეს ხაჭოს დებენ. ტრადიციის მიხედვით რუმინელები ბატკანსაც წვავენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სააღდგომო სუფრაზე მას.

პოლონურად : Chrystus Zmartwychwstał! Prawdziwie Zmartwychwstał!

პოლონეთში აღდგომის დღესა და ორშაბათს ზეიმობენ. ადგომა დღე ტრადიციული მესით იწყება, ამის შემდეგ კი ყველა ოჯახში სუფრა იშლება, სადაც ოჯახის ყველა წევრი იკრიბება. საუზმეზე ნაკურთხ პასკას, კვერცხებს, მდოგვს, ხორცსა და ძეხვს მიირთმევენ.

 

 

წყარო:https://www.allnews.ge/