ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს რომ კანონით არავის არ უნდა შეეზღუდოს ემიგრაციის უფლება და არ უნდა მიადგეს ზარალი

0
3946

ვრჩები შენგენის სივრცის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორად, მაგრამ მაქვს სერიოზული შენიშვნები, რაზეც განხილვის დროს ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

როგორც კვაჭანტირაძემ განმარტა, მას შენიშვები უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე აქვს, რათა არავის შეეზღუდოს ემიგრაციის უფლება.

“კანონპროექტრის ავტორი და შემქმნელი მე არ ვარ. მე თანაინიცირებას დავთანხმდი. გუშინ, როცა ტექსტს კარგად ჩავხედე, ჩავთვალე, რომ ძალიან ბევრია საკამათო და ჩემთვის მიუღებელი. მთელი რიგი საკითხების მიმართ მაქვს ჩემი დამოკიდებულება, რასაც განხილვის დროს ვიტყვი. პრობლემას “სისხლის სამართლის კოდექსის“ ნაწილში ვხედავ. ზოგადად, ცვლილებები და რეგულაციის შემოღება აუცილებელია, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი არ შეჩერდეს. ამისთვის მაქსიმალურად უნდა დავეთანხმოთ მოთხოვნებს, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვიყენებენ, მაგრამ რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, მათ შორის ადამიანის უფლებებს ემიგრაციაზე, არ შეიძლება ისეთი ნორმების შემოღება, რაც რამდენიმენაირად შეიძლება იყოს წაკითხული. ეს ნაწილი შესაცვლელია, რადგან ზედმეტად მკაცრად მეჩვენება ყველაფერი, რაც “სისხლის სამართლის კოდექსის“ ნაწილში წერია. რაც შეეხება “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ვერ ვხედავ, რაშია აქ პრობლემა. თუკი ვიცით, რომ როცა ადამიანი შენგენის ქვეყანაში ჩადის, მას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ, ვიცით, რას მოსთხოვენ მას საზღვარზე, იმის გამო, რომ იქ არ შეექმნას პრობლემა: – ტყუილად არ იყიდოს ბილეთი და ფული არ დაკარგოს, ჩვენ იგივე პროცედურა საქართველოში უნდა გავაკეთოთ. ამას ერთმნიშვნელოვნად ვემხრობი, რადგან აქ არ არის არანაირი შეზღუდვა – ადამიანი თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში მოუმზადებელი აღარ მივა. ჩვენი მიზანია ქვეყანას შევუნარჩუნოთ ვიზალიბერალიზაცია, რაც ძალიან დიდი სისხლის ფასად არის მოპოვებული“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციის მიზნით შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება იგეგმება.

სისხლის სამართლის კოდექსს, შესაძლოა ახალი – სპეციალური მუხლი დაემატოს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – სამიდან ექვს წლამდე. ასევე, თავისუფლების აღკვეთას, ვადით – სამიდან ექვს წლამდე, გამოიწვევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

რაც შეეხება “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ფართოვდება საფუძვლები, როცა საქართველოს მოქალაქეს საქართველო საზღვრის გადაკვეთაზე შეიძლება უარი ეთქვას.

კერძოდ, თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის/შენგების სივრცის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, მას შეიძლება საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას შემდეგ შემთხვევებში, თუ არ გააჩნია: – ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაშია გაცემული და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისათვის არანაკლებ სამი თვეა; უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი; სამოგზაურო დაზღვევა და ასევე, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს განსახილველად “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: – არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიამ, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკიმ, კახა კუჭავამ, ოთარ დანელიამ, გიორგი ხატიძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ წარუდგინეს.