ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე მსჯელობა დაიწყოს

0
2677

გერმანია და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდას უსვამენ ხაზს.

ამის შესახებ Deutche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მხოლოდ გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა 2017 წლის მარტიდან, სამჯერ მეტი თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნა დაარეგისტრირეს.

2017 წლის იანვრიდან-მარტის პერიოდში, 601 განაცხადი იყო დარეგისტრირებული, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1771.

DW წერს, რომ მსგავსი ვითარებაა იტალიის, საფრანგეთის და შვედეთის შემთხვევაშიც.

სავიზო ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგების თქმით, ისინი სწორედ ასეთ ვითარებას პროგნოზირებდნენ. კრიტიკოსების თქმით, სავიზო ბარიერების არარსებობა ქართული კრიმინალური სამყაროს მიერ იქნებოდა გამოყენებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ევროკავშირში შესაძლოა, შეჩერების მექანიზმზე დაიწყოს მსჯელობა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

პრობლემად ასევე დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს.