იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი – ქართველების სამიზნე ქვეყნები საზაფხულო არდადეგებისთვის.

0
3156

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიების კვლევა ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლევაში 15 უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი იყო ჩართული. გამოიკითხა 192 შიდა, გამყვანი და შემომყვანი ტურისტული კომპანია. მიღებული შედეგების მიხედვით, 2017 წელს გაზრდილია, როგორც შიდა, შემომყვანი და გამყვანი ტურების, ასევე ტურისტების რაოდენობაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი: გამოკითხულ ტურისტულ კომპანიათა 45.5%-მა განაცხადა, რომ შიდა ტურების რაოდენობა გაზრდილია, ხოლო 50%-მა აღნიშნა, რომ გაიზარდა შიდა ტურისტების რაოდენობაც.
რაც შეეხება შემომყვან ტუროპერატორებს, გამოკითხულთა 62.1% მიიჩნევს, რომ გაიზარდა ტურების რაოდენობა, ხოლო 63.6% საუბრობს გაზრდილი შემომყვანი ტურისტების რაოდენობაზეც. გამყვანი ტურების რაოდენობა გაიზარდა გამოკითხულთა 65.4%-თვის. 66.7%-მა კი აღნიშნა, რომ გაზრდილია გამყვანი ტურისტების რაოდენობაც. ყველაზე ხშირად განხორციელებად შიდა ტურებში გამოკითხულ ტურისტულ კომპანიათა უმეტესობამ დაასახელა კახეთი, თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.
კვლევის შედეგების თანახმად, შემომყვანი ტურების უმეტესობა კი თბილისში, კახეთსა და აჭარაში განხორციელდა. შემომყვანი ტუროპერატორების მიერ დასახელებული ძირითადი მიზნობრივი ბაზრებია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი და გერმანია. გამყვანი ტუროპერატორებისთვის კი ძირითად მიზნობრივ ბაზრებს წარმოადგენს შემდეგი ქვეყნები: თურქეთი, ეგვიპტე, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი. 
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულ ტურისტულ კომპანიათა უმეტესობისთვის ყველაზე გაყიდვადი შიდა ტურები ქალაქებიდან მოიცავდა თბილისს, მუზეუმებიდან – ეთნოგრაფიულს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან – ვარძიას და დაცული ტერიტორიებიდან – მარტვილს.  ანალოგიური ადგილები დასახელდა შემომყვანი ტუროპერატორების შემთხვევაშიც, განსხვავებით კულტურული მემკვიდრეობისა, რომელიც მოიცავდა სვეტიცხოველს და დაცული ტერიტორიებისა, რომელიც მოიცავდა ბორჯომს. თბილისში კი ყველაზე მონახულებულ ადგილად ნარიყალა, მთაწმინდა და ძველი თბილისი დასახელდა.
ამასთან, ტურისტული კომპანიების განცხადებით, შემომყვანი ტურისტული კომპანიების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება კულტურულ და ღვინის ტურებზე. შემომყვანმა ტუროპერატორებმა ტოპ მოთხოვნილ ფრენებში დაასახელეს შემდეგი მიმართულებები: მადრიდი, შანხაი, ტოკიო, საუდის არაბეთი, ნიუ-იორკი, ტაშკენტი, რომი, ინდოეთი და სეული. გამყვანი ტუროპერატორების ტოპ მოთხოვნილ ფრენებს შორის კი მოხვდნენ შემდეგი მიმართულებები: პარიზი, რომი, ბარსელონა, მადრიდი, ბრიუსელი, ინდოეთი და ბანგკოკი. 

გამყვანი ტურისტული კომპანიების განცხადებით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება საზღვაო და საექსკურსიო გამყვან ტურებზე. კვლევის დახმარებით განისაზღვრა მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები და სხვა.

როგორც ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, კვლევაში სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს.

“მნიშვნელოვანია, რომ კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები. 130-მდე სტუდენტმა, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნულ კვლევაში, გარკვეულწილად მიიღო პრაქტიკული გამოცდილება. რამდენიმე მათგანი ამავდროულად დასაქმდა ტურისტულ კომპანიაში. ეს კვლევა კი დაგვეხმარება მეტი ინფორმაცია გვქონდეს კერძო სექტორში არსებულ სიტუაციასა და მათ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას უმაღლეს სასწავლებლებთან”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.