“საქართველოში ხალხს რომ უჭირდეს, გამხდრები იქნებოდნენ” – გუგული მაღრაძე

0
9423

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომლებიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა და იქვე მოაყოლა იდეა, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილ ნაწარმზე ფასები უნდა გადაიხედოს, რათა მათი შეძენა ადვილი აღარ იყოს.

– ქალბატონო გუგული, სოციალურ ქსელში მიგითითებენ, საკუტარ ჭარბ წონას მიხედოსო…

– ყველა საკუთარი თავიდან ამოდის. ვხედავთ, მთელ მსოფლიოში დიეტების როგორი ბუმია, ამით ადამიანები ებრძვიან საკუთარ თავს და საკუთარ ფსიქიკას.

მე ძალიან სწრაფად ვჭამ, იცით რატომ? პატარაობაში, როგორც კი კითხვა ვისწავლე, სულ წიგნი მედო გვერდით და ისე ვწამდი. დედაჩემი მართმევდა ჭამის დროს წიგნის კიტხვა არ შეიძლებაო და მე ძალიან ჩქარა ვჭამდი. რომ მივბრუნებულიყავი იმ საინტერესო წიგნთან. ასე მივეჩვიე სწრაფად ჭამას და მერე ვეღარ გადავეჩვიე.

ვაღიარებ, რომ მეც მაწუხებს ზედმეტი წონა. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რას შეცვლიდით ცხოვრებაშიო და ვუპასუხე, არაფერს, ნეტა სწორი ცხოვრების წესს მივეჩვეოდე-მეთქი. ახლა აუზზე დავდივარ და სულ ვებრძვი ჩემს თავს – მეზარება.

– დიეტაზე ყოფილხართ?

– არა, 10-15 კილოთი ნაკლები რომ ვიყო, უკეთესად ვივლიდი. მაგრამ დიეტას იმხელა ნებისყოფა უნდა… ისედაც ბევრი საქმე მაქვს. ერთადერთი ვცდილობ საღამოს გვიან არ ვჭამო.

– ტკბილი გიყვართ?

– ნამცხვრები არ მიყვარს. მაგრამ ჩაის და ყავას შაქრის გარეშე ვერ ვსვამ. ან ჯემი ან ტაფლი უნდა მივაყოლო ან შაქარი. ვცდილობ ყავისფერი შაქარი გამოვიყენო, რადგან ამბობენ რომ უკეთესია.

– ტკბილეულის გაძვირებაა საჭიროო, გითქვამთ?

– ასე არ მითქვამს. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ ე.წ. შაქრის გადასახადი და სხვა რეგულაციები.

– ხალხს ძალიან უჭირს და ყავისფერ შაქარს როგორ იყიდის, რომელიც საკმაოდ ძვირია?

– თუ უჭირთ უფრო გამხდრები უნდა იყვნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირია სიმსუქნე. ყველაზე მარტივია ნუ დალევენ შაქრიანს.

ჟურნალი “სარკე”
რუსუდან ადვაძე