ისრაელში ქართული კულტურის ახალი კერა, ისტორიაში პირველი ქართული „საშაბათო სკოლა“ გაიხსნა

0
2663

2018 წლის 12 მაისი, ჭეშმარიტად ისტორიული დღე იყო, დღე, საიდანაც ალბათ უნდა დაიწყოს საქართველოს კვალის აღდგენა ისრაელის მიწაზე. ამ დღეს ისრაელის ქართული დიასპორის ორგანიზაციის “მამულის” ინიციატივით და ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწყობით, ქ. ლოდის “ქართულ სახლში” გაიხსნა „საშაბათო სკოლა“ და მისი პირველი ღია კარის დღე! „ქართული სახლის“ მორთულ-მოკაზმულ ოთახებსა და ეზოში მხიარულად დაფუსფუსებდნენ მშობლიური ქართული ენის, კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების სწავლას მოწყურებული ქართველ ემიგრანტთა ისრაელში დაბადებული ბავშვები. მათ, მათი მშობლების და ამ არაჩვეულებრივი დღის პატივსაცემად მოსული სტუმრების წინაშე, სამომავლო გეგმებითა და პერსპექტივებით წარსდგნენ “მამულის” მმართველი საბჭოს წევრები. ისრაელში პირველი ქართული „საშაბათო სკოლის“ გახსნის პატივი წილად საქათველოს ელჩის მეუღლეს, ქალბატონ თამარ კალანდაძეს და “მამულის” ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი კილაძეს ხვდათ. მათ, იქ მყოფთ, მიულოცეს დიდი ხნის ოცნების ასრულება და მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს საელჩოს, საპატრიარქოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 


საქართველოს საელჩო, თავის მხრივ, „საშაბათო სკოლის“ მომავალ მოწაფეებს, ისრაელში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და მთელ ქართულ სამყაროს ულოცავს ამ ისტორიული საქმის წარმატებით დაგვირგვინებას!