საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე სიტყვით წარსდგა საერთაშორისო კვლევების ჩიკაგოს საბჭოში / Chicago Council on Global Affairs.

0
1002

ელჩმა ბაქრაძემ ისაუბრა საქართველოს ევროპულ არჩევანზე და ამ გზაზე არსებულ წარმატებებსა და წინაღობებზე. მან აღნიშნა, რომ საქართველომ თავი წარმოაჩინა დემოკრატიული ტრანსფორმაციით, რითაც ლიდერია არა მხოლოდ სამეზობლოს ქვეყნებში, არამედ უტოლდება აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოსაც, რაც არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა საერთაშორისო კვლევასა და რეიტინგში.

საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული და მყარი სვლა ქვეყნის გარდაქმნისა და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიის მიზნისაკენ დასავლეთის მიერ დაფასდა კიდეც, რამაც კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ნებისმიერი წინაღობის გადალახვის შესაძლებლობა სწორი გეზის არჩევითა და სტრატეგიულად გამართული სვლით მიზნისაკენ.

ელჩმა, ასევე ფართოდ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებსა და ადამიანის უფლებების შესახებ. მან აღნიშნა, რომ რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ხელს უშლის მშვიდობის შენარჩუნებას და კონფლიქტით გახლეჩილ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის სტრატეგიას რაც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. ხელისუფლების ახალი ინიციატივით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს იგივე პრივილეგია და შესაძლებლობა მიეცემა საქართველოსა თუ საზღვარგარეთ განათლების მიღების, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისა და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მუშაობის, როგორც ყველა დანარჩენ თანამოქალაქეს.

ელჩმა ასევე განიხილა აშშ-საქართველოს შორის გამორჩეულად წარმატებული პარტნიორობა, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურ კანონში აღიარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, და ნებისმიერ ქვეყანას ვინც კი მათ დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ-ის დაფინანსება მოუხსნა. იგივე მკაფიო მესიჯებით და საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერით თბილისში ჩავიდა ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახლადარჩეული ადმინისტრაციის მხრიდან.

ელჩი ბაქრაძე აგრძელებს ჩიკაგოში სამეცნიერო და ბიზნესს წრეებთან შეხვედრებს.

წყარო: https://www.facebook.com/EmbGeoinUS