სკოლა სადაც ემიგრანტების შეურაცმყოფელი პედაგოგი მუშაობს ემიგრანტებს ბოდიშს უხდის.

0
10828

სკოლა სადაც ემიგრანტების შეურაცმყოფელი პედაგოგი მუშაობს ემიგრანტებს ბოდიშს უხდის.  აღნიშნული ინფორმაცია DIASPORA.GE-ს იტალიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ ნათია გოგსაძემ დაგვიდასტურა, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა.

როგორც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ზესტაფონის სკოლა ,,ორნატში” სადაც სოფო აბესაძე პედაგოგის ადგილს იკავებს დირექცია და ადმინისტრაცია მომხდარს ინიცდენტს უწოდებს და ემიჯნება საკუთარი თანამშრომლის მოსაზრებებს ემიგრანტებთან დაკავშირებით:,, სოფო აბესაძემ ეს კომენტარი დაწერა არასამუშაო საათებში, მან ამით გამოხატა მხოლოდ თავისი სუბიექტური აზრი და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს არ არის სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების მოსაზრება, არ იზიარებს ამ აზრს სკოლის არც ერთი პედაგოგი. მოგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი სკოლა არის ერთ-ერთი წარმატებული სკოლა, ჩვენი მოსწავლეების წარმატება სწორედაც რომ ჩვენი პედაგოგების დამსახურებაა, უპირველეს ყოვლისა. ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას თითოეული ემიგრანტისადმი, ჩვენც გვყავს სკოლაში ემიგრანტთა შვილები და ვიცით, რა რთულია ნებისმიერი ქართველისათვის სხვის ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა ოჯახის სარჩენად… აქედან გამომდინარე, ბოდიშს ვიხდით შექმნილი უსიამოვნების გამო და ვიმედოვნებთ, არ გაგვირთულდება ურთიერთობა ქართულ დიასპორასთან და ამ ინცინდენტსაც აქ დავუსვამთ წერტილს “- აცხადებს  სკოლის დირექტორი.

აღნიშნული ფაქტისადმი საგანმანათლებლო დაწესებულების და პედაგოგების დამოკიდებულება დაადასტურა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომაც მომხდართან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებაში:,, ჩვენ ვესაუბრეთ სკოლის დირექტორს ქალბატონ ლამზირა ბიწაძეს და გაცნობებთ, რომ ის უკვე მომხდარის საქმის კურსში გახლავთ. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დილიდან შეიკრიბნენ სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, დირექტორმა მათ გააცნო შექმნილი ვითარება და სკოლის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელეს საკითხზე. ქალბატონი ლამზირა აღნიშნავს, რომ სკოლა ემიჯნება სოფო აბესაძის მიერ აღნიშნულ შეტყობინებაში გამოთქმულ მოსაზრებას. მან დაიბარა პედაგოგი – სოფო აბესაძე და მოუწოდა მას მეტი კორექტულობისაკენ. დირექტორის თქმით, სოფო აბესაძეს, ზოგადად, არ ახასიათებს არაკორექტული მიმართვა და უხეში დამოკიდებულება პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების მიმართ. თავად პედაგოგის განმარტებით, აღნიშნული შეტყობინება იყო აღელვებულ მდგომარეობაში გამოთქმული აზრი ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის ფონზე. დირექტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეტყობინება სოფო აბესაძემ დაწერა არა სამუშაო დროს და მან დააფიქსირე მხოლოდ თავისი სუბიექტური აზრი. სკოლის დირექცია ძალიან წუხს მომხდარის გამო და უდიდეს პატივისცემას გამოთქვამს თითოეული ემიგრანტის მიმართ. ქალბატონი ლამზირას თქმით, სკოლაში ჰყავთ ემიგრანტთა შვილები და მათ იციან რა რთულია ნებისმიერი ქართველისთვის სხვა ქვეყანაში ცხოვრება და ოჯახის სარჩენად მუშაობა. სკოლის დირექცია ბოდიშს იხდის შექმნილი უსიამოვნების გამო.” – ნათქვამია სამინისტოს წერილში.