კრიმინალთან მებრძოლი 25 წლის ქართველი პოლიციელი ნიუ-იორკში

0
2679

ყოველ დილას ნიუ-იორკში სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დამყარებაზე ზრუნვით იწყებს, თანაც ქალაქის იმ უბანში მუშაობს, სადაც კრიმინალი მაღალია, სამუშაო დღე – მძიმე და სტრესულია, თუმცა თავისი საქმე ძალიან უყვარს და ამაყობს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს – ეს 25 წლის გიორგი ერისთავია, რომელიც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში 2017 წლის ივნისიდან მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ გიორგიმ ერთ-ერთ წარმატებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დეტალებზეც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წესების თანახმად, არ საუბრობს, თუმცა, დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი წვლილის გამო 14 მაისს აშშ-ში თვის საუკეთესო ოფიცრის სტატუსი მიენიჭა.

“როდესაც შევიტყე, რომ თვის საუკეთესო ოფიცრად დამასახელეს, რა თქმა

უნდა დადებითი ემოციები მქონდა, რადგან წახალისება და აღიარება ყველა პროფესიაში აუცილებელია, განსაკუთრებით პოლიციელისთვის”, – აღნიშნავს გიორგი Allnews.ge-სთან საუბარში.

გიორგი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, 2009 წელს კი თბილისიდან ნიუ-ჯერსის შტატში გაემგზავრა და სკოლა იქ დაამთავრა.

როგორც თავად იხსენებს, საქართველოდან საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა მისთვის დიდი ცვლილება იყო, რადგან ახალ გარემოსთან შეგუება მოუწია. თავდაპირველად საკუთარი თავი გიორგიმ სპორტში იპოვნა.

“მოზარდის უცხო გარემოში “გადმორგვა” ადვილი საქმე არაა, თუმცა ამაში მე ფეხბურთი დამეხმარა. ნიუ-ჯერსის შტატში, სკოლის გუნდში ვთამაშობდი და პირველი წარმატებაც სწორედ აქ ვიგემე – პირველად, არსებობის ისტორიაში ჩვენ შტატის ჩემპიონები გავხდით! ეს სკოლისთვის დიდი მიღწევა იყო და სიხარულით აღინიშნა კიდეც”, – განმარტავს გიორგი.

ნიუ-ჯერსიდან საცხოვრებლად მანჰეტენზე გადავიდა და სწავლაც იქ გააგრძელა.ახალგაზრდა ოფიცერი საერთაშორისო უსაფრთხოებითა და პოლიტიკური მეცნიერებებით არის დაინტერესებული, პროფესიაც უსაფრთხოებასა და კრიმინალთან ბრძოლას დაუკავშირა და მანჰეტენზე გადასვლის შემდეგ სწავლა კრიმინალური სამართლის სკოლაში გააგრძელა, სადაც კრიმინალურ სამართალსა და ფსიქოლოგიას სწავლობდა.

“კოლეჯის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის პოლიციის აკადემიაში ჩავაბარე. ახლა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი ვარ. მომავალში მინდა, დეტექტივი გავხდე და პარალელურად უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხისთვის სავარაუდოდ, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებაზე გავაგრძელო სწავლა”, – აღნიშნავს გიორგი ერისთავი.

როგორც წესი, დრო ცოტა აქვს, მთელი დღის გარეთ გატარება უწევს, თუმცა სამომავლო გეგმების შესრულებას აუცილებლად გეგმავს.
ახალგაზრდა ქართველი ოფიცრის წარმატებით მისი ოჯახი ძალიან ამაყობს. როგორც გიორგის დედა, თამუნა ერისთავი აღნიშნავს, მისი შვილი “ძალიან თავმდაბალია და საკუთარ წარმატებებზე საუბარი არ უყვარს”.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გიორგი საქართველოში იშვიათად ჩამოდის, თუმცა, სამომავლოდ დაბრუნებას მაინც გეგმავს. ჯერჯერობით კი ახალგაზრდა ოფიცრის უახლოეს მიზნებში სწავლის გაგრძელება და კვალიფიკაციის ამაღლება შედის.