თესალონიკის ქართული თეატრალური დასი ბერძენი მაყურებლის წინაშე, ბერძნულად ითამაშებს.

0
1656

ქართულ-ბერძნული თეატრალური ურთიერთობის ისტორიას ახსოვს ერთი უცნაური დღე:

დიდი ხნის წინ, თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის, სახელმწიფო, აკადემიურ თეატრში გაიმართა სოფოკლეს ტრაგედიის “ოიდიპოს მეფე” მორიგი, მაგრამ უჩვეულო წარმოდგენა, – საქართველოს სტუმრად ეწვია ცნობილი ბერძენი მსახიობი ასპასია პაპატანასიუ… და ქართულ სცენაზე დედოფალ იოკასტას როლი ითამაშა ქართულ სპექტაკლში.

მარჯანიშვილელები ქართულად თამაშობდნენ, ბერძენი სტუმარი კი – ძველბერძნულად.

უწყვეტ დიალოგებში (თარგმანის გარეშე) სხვა და სხვა ენაზე გაჟღერდა სოფოკლეს ტრაგედია… ჭეშმარიტ არტისტებს ყველაფერი შეუძლიათ, რადგან მათ ისეთი გრძნეული სამსალა აქვთ ნაგემი, რომელსაც ვერაფერი “კურნავს” და რომელსაც უბრალოდ, “სცენის მტვერი” ჰქვია.

დღეს, 30 მაისს, 19:00 საათზე, თეატრ “ანეტონში” – თესალონიკის ქართული თეატრალური დასი ბერძენი მაყურებლის წინაშე, ბერძნულად ითამაშებს რაფიელ ერისთავის კომედიას “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”.