ეკა ბესელია: ,,ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან მუდმივი კონტაქტი”

0
3854

„ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან მუდმივი კონტაქტი და მათი ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში. საჭიროა მოქალაქეებთან გვქონდეს რაც შეიძლება მცირე დისტანცია, რადგან რაც უფრო იზრდება დისტანცია, მით უფრო აკლდება კანონშემოქმედებით პროცესს ობიექტური და განსხვავებული აზრი“, – განაცხადა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და ორგანიზაბით გამართულ სემინარზე ეკა ბესელიამ.

სესიას, რომელიც მიმდინარეობდა თემაზე „საკანონმდებლო პროცესი: გამოწვევები და შესაძლებლობები“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უძღვებოდა.

ეკა ბესელიამ მოხსენებაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიცირება მოხდა, რომელშიც ბევრი ახალი რეგულაცია იქნება.

როგორც მან აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქვს წამყვანი როლი კანონშემოქმედებით პროცესში. მისივე ინფორმაციით, დაინერგა კომიტეტის დასკვნების ახალი ფორმატი, რომელიც მაღალი სტანდარტითაა შემუშავებული. მან ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტი უზრუნველყოფს მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესში.

ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტი აცნობიერებს, თუ როგორი საპასუხისმგებლოა კანონშემოქმედებითი საქმიანობა. მას მიაჩნია, რომ კანონპროექტების განხილვის ვადები არ იყო საკმარისი.

„კანონპროექტის განხილვის ვადები გავზარდეთ და ეს არის ძალიან კარგი. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადებში, ნაჩქარევად არ მოხდეს კანონპროექტების მიღება, თუ ეს კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება და არ აზიანებს მისაღწევ შედეგს. ვადების გაზრდით, უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ მხარეებს, რომ თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინონ კანონპროექტის შემუშავების პროცესში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.