ავთანდილ კაკაბაძე:24 ივნისს განხორციელდება ისეთი გრანდიოზული ქართული პროექტი, რომლის მსგავსიც საბერძნეთში ჯერ არ გაკეთებულა.

0
1282

ავთანდილ, რატომ ერისიონი და არა სუხიშვილები?

ჩვენ, სანამ გადავწყვეტდით, თუ რომელ ანსამბლს ჩამოვიყვანდით, ჩავატარეთ გამოკითხვა საბერძნეთში და ვნახეთ, რომ ქართველები უპირატესობას ერისიონს ანიჭებენ, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ფაქტს დაეყრდნო. პირადად მე თუ მკითხავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ბერძენი სტუმარი გვეყოლება კონცერტზე, მინდა მათ ნახონ ჩვენი ნამდვილი ქართული ცეკვა-სიმღერა და არა ის ახლად შექმნილი ქორეოგრაფია, რომელთა კადრებიც ბოლო თვეების მანძილზე ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში.

შენი აზრით, აინტერესებს ბერძენ მაყურებელს ქართული ცეკვა და სიმღერა?

დააინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ ვანახებთ და გავაცნობთ. ფაქტია, რომ სწორი რეკლამირება არ ხდება ამ სფეროში და საქართველოს შესახებ ბერძნებმა თითქმის არაფერი იციან. რას ვხედავთ დღეს ბერძნულ ტელევიზიაში საქართველოსა და ქართველების შესახებ? ყველაფერს, გარდა ჩვენი კულტურის, ტრადიციების, სტუმართმოყვარეობის და ჩვენი ქვეყნის სილამაზისა. მე მინდა, რომ ეს ნელნელა შეიცვალოს. შესაბამისად, მე ჩემს აგურს დავდგამ ამ სფეროში.

ავთანდილ, გულახდილად გვითხარი, ჩვენი სახელმწიფო თუ გეხმარება რაიმე მხრივ კონცერტის ორგანიზებაში?

ჩემი პასუხია არა. კონცერტის ხარისხიანი ორგანიზება უკავშირდება ფინანსებს. ხოლო, ყველა ჩემი კონცერტი ჩემ მიერაა ორგანიზებული და ფინანსების 99% ბილეთებიდან შემოდის. ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფო არანაირად არ მეხმარება. ნუ, ფაქტობრივად, რომ გითხრათ, არც კი მითხოვია. ასე რომ ვერავის ვუსაყვედურებ. მე მჯერა, რომ ერისიონს ჰყავს იმდენი მაყურებელი, რომ კონცერტმა ფანტასტიური შედეგი დადოს.

მოკლედ გვითხარი კონცერთან დაკავშირებით, ცნობილი და ოფიციალური პირებიდან, ვინ იქნებიან დარბაზში?

გარდა ჩვენი ემიგრანტებისა, დარბაზში იქნება საბერძნეთში მდებარე თითქმის ყველა საელჩოს დიპლომატი, ჩვენი თამთა გოდუაძე, რა თქმა უნდა და, მისი მეგობარი ცნობილი მომღერალი, ბერძენი, რუსი და უკრაინელი მაყურებლები.

ფასები 10 ევროდან იწყება და 50 ევროთი მთავრდება. რატომ ასე და არა მაგალითად ერთი ფასი ყველა ბილეთზე?

ფასების ხუთი ვარიანტი გვაქვს: 10, 20, 30, 40 და 50 ევროიანი. ფასი შეესაბამება იმ ადგილს, თუ სად დაჯდება მაყურებელი. ამას დავამატოთ ის, რომ არავინ გვინდოდა დაგვეტოვებინა გულდაწყვეტილი და ბილეთების ფასის პოლიტიკა თითქმის ყველა ადამიანზეა გათვლილი. ერისიონის ნახვა 10 ევროდ,, მგონი რომ საქართველოშიც არ ხდება. აი, ჩვენთან კი, ხდება.

ავთო, გაძლევთ სიტყვას რათა მიმართოთ საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებს, რას ეტყვით მათ?

ჩემო თანამემამულენო, მოიყვანეთ თქვენი ბერძენი და უცხოელი მეგობრები ამ კონცერტზე და ერთად ვანახოთ ჩვენი ტრადიციები, სიმღერა, ცეკვა და ერთობა. შევუქმნათ საბერძნეთში ჩვენს ქვეყანას ისეთი იმიჯი, როგორსაც იმსახურებს. დამეთანხმებით, რომ ყველა დავიღალეთ იმ ნეგატიური სიახლეებითა და ტელეგადაცემებით. რაც ქართველებზე ვრცელდება ბოლო წლების მანძილზე საბერძნეთში. ახლა გვაქვს შანსი, რომ ეს ნეგატივი პოზიტივით გადავფაროთ. ასე რომ, გელით ყველას 24 ივნისს, საღამოს 17:00 საათზე, გალაცის ოლიმპიურ სტადიონზე და ერთად ვუყუროთ ერისიონის კონცერტს… კონცერტს რომლის მაგვარიც ჯერ საბერძნეთში არ ყოფილა.