საქართველოს მიგრაციის საკითხების მართვის ნაწილი შსს-ს კომპეტენცია ხდება

0
2046

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თანახმად  მიგრაციის საკითხები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონპეტენციაში გადავა.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვალის №34 დადგენილების მიხედვით მიგრაციასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების მართვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტს ეკისრებოდა, რომელიც კოორდინაციას უწევდა დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისათვის ქვეყანაში მიმდინარე პროექტებსა და მიმართულებებს.

აღნიშნული სახელმწიფო უწყება მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს საშუალებით უძღვებოდა საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას.  რომელიც გარკვეულწილად იმეორებდა შრომითი  მიგრაციის იმ ნაწილს, რასაც საქართველოს შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულებაც განსაზღვრავდა.