დავით უსუფაშვილის განცხადებით ერის უდიდესი ნაწილი უიმედობის გამო ქვეყნიდან გარბის

0
3131

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ,“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ღია წერილით პრეზიდენტს მიმართავს, სადაც აცადებს რომ ,, ისედაც მცირერიცხოვანი ერის უდიდესი ნაწილი უსასოობისა და უიმედობის გამო ქვეყნიდან გარბის, ან საქვეყნო საქმეებს ემიჯნება; ” ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს რომ თუ თანახმაა, საპარლამენტო არჩევნების მომგები გუნდის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, მზად ვარ, ან მე ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი ან თავად იყოს კანდიდატი -აცხადებს უსუფაშვილი და ფიქრობს რომ გამოსავალი ამ დგომარეობიდან გამომდინარე მის მიერ ოთხ პუნქტად ჩამოყალიბებული გეგმის განხორციელებაა:,,

ასამდე საქართველოს პატრიოტი და ევროპული ყაიდის პროფესიონალი ვწყვეტთ ემოციურ მოთქმა-გოდებასაც, ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებსაც, ვიწრო პერსონალურ მეწყინა-მეტკინასაც, უშედეგო ინდივიდუალურ გმირობებსაც და ერთად მივდივართ პროფესიულ პოლიტიკურ სამსახურში;
– ოცდაათწლიან პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ოცდაათწლიანთა თაობის შემართებაზე და ათასობით თანადამფუძნებელ პროფესიონალზე დაყრდნობით ვქმნით ახალ ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალას, რომლის გენეტიკურ კოდში იდება: ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა, კონკურენცია და არა მტრობა, პრინციპულობა და არა სიჯიუტე, ღირსება და არა ამპარტავნება, ჯერ პროგრამა და მერე ხელისუფლება, ჯერ ქვეყანა და მერე პარტია;
– ვიმარჯვებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყანა გადაგვყავს თავისუფლების, კეთილდღეობის და უსაფრთხოების ევროპული სტადარტების შეუქცევად გზაზე, რომელზეც კანონთან პირნათელი ყოველი ქართველისთვის იქნება ღირსეული ადგილი და თანაბარი შესაძლებლობა.

ეს არ არის ოცნება. ეს არის პოლიტიკური გეგმა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ კომპონენტებს, რესურსებს და ეტაპებს:
1.საქმის დასაწყებად საჭირო ათამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფიგურა არსებობს, თუმცა, ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური კვანძის გახსნას ელის;
2. საქმის გასაძღოლად საჭირო ასამდე კვალიფიციური და წესიერი თანალიდერი არსებობს, თუმცა, ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებიან პოლიტიკური აქტიურობისთვის და ელის საქმის სათანადოდ დაწყებას;
3. საქმის საკეთებლად საჭირო ათასობით მაღალი ზნეობისა და კვალიფიკაციის პროფესიონალი აქტივისტი არსებობს, თუმცა, დღეს ჩრდილშია, პასივშია, უმოქმედოა, გაქცეულია საჯარო ცხოვრებიდან და ელის საქმის სათანადოდ გაძღოლას;
4. საქმის გასამარჯვებლად საჭირო ასობით ათასი დამშვიდების, გამთლიანების, სამართლიანობის და ზნეობრიობის მსურველი მოქალაქე არსებობს და ელის სათანადო საარჩევნო შეთავაზებას, რათა მას მხარი დაუჭიროს.

ამ გეგმაში საპრეზიდენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი როლი ენიჭება – საპრეზიდენტო არჩევნების ფინიში საპარლამენტოს სტარტია. ახალი პოლიტიკური ძალისთვის ამ ეტაპზე მოპოვებული უპირატესობა გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს „ნაც-ქოცურ-პრორუსულ“ მედია-ფინანსურ-ადმინისტრაციულ კონგლომერატებთან მომავალ ბრძოლებში. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატის, მისი კამპანიის და ქმედებების მოქცევა ამ გეგმის ჩარჩოებში. მაგალითად, კამპანიის პროცესში კანდიდატი მუშაობს არა მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე, არამედ გუნდის ფორმირება-გაძლიერებაზეც. ასევე, თუ გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი სრულად წყდება პოლიტიკურ გუნდს, დამარცხების შემთხვევაში იგი სრულად ხმარდება მას – ყოველი მიღებული ხმა გაორმაგებული მიაქვს საპარლამენტო არჩევნებამდე.

მე ამ მიდგომით და ხედვით გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამავე მიდგომებს და ხედვებს დაექვემდებარება ჩემი შემდგომი გადაწყვეტილებებიც, მათ შორის, სხვა კანდიდატისთვის შესაძლო მხარდაჭერის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის თაობაზე.

მოგმართავ, განიხილო შენი მონაწილეობა ამ გეგმის დახვეწაშიც და შესრულებაშიც. თუ მზად ხარ, იყო ესოდენ საჭირო ახალი პოლიტიკური პროექტის თანაინიციატორი და შენი შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები ამ ურთულესი საქმის ინტერესებს დაუქვემდებარო, ნატო-ს სამიტის შემდეგ მალევე ვისაუბროთ, მათ შორის, ამ საქმეში შენს დღევანდელ თუ ხვალინდელ როლზე.

ვიცი, რომ ათასი მიზეზი გაქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასასვლელად, მითუმეტეს, რომ არც მოსვლა იყო შენი ოცნება. ისიც ვიცი, რაც ძალიან ცოტამ იცის… მაგრამ შენც და მეც ისეთ საქმეში მოგვიწია ყოფნა, რომ ჩემი, შენი და ჩვენი ვალია სახელმწიფო-პოლიტიკური ცხოვრებას კი არ გავერიდოთ, არამედ ჩვენს ჩანაცვლებაში ჩვენზე უკეთესებს დავეხმაროთ. მე, სხვებთან ერთად, ამას ვაკეთებ. ერთად გავაკეთოთ.” – აცხადებს შენების მოძრაობის ლიდერი.