ემიგრანტი ბავშვები ანაკლიის ბანაკში 20 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით დაისვენებენ

0
1764

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, ყოველწლიური ახალგაზრდული ბანაკის პროგრამაში 2018 წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

როგორც  ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან გახდა ცნობილი მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის მომავლის ბანაკში დაისვენებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში, ბელგიის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში, უკრაინაში, საფრანგეთის რესპუბლიკასა და ისრაელში მცხოვრები 144 თანამემამულე მოზარდი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პროგრამაში მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოზარდებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ისტორიული სამშობლო, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, გაეცნონ ქართულ ტრადიციებსა და ყოფას, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომელშიც, ტრადიციულად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება.